კაზანტიპზე დასასწრებად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა

“რესპუბლიკა კაზანტიპის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე მონაწილეობის სურვილი უკვე  21465 ქართველმა და უკრაინელმა გოგონამ გამოთქვა.  მათივე ინფორმაციით, გოგოების უფასო რეგისტრაცია 15 აგვისტოს დასრულდა.
დასწრების ღირებულება 300 ლარს შეადგენს, ხვალიდან – კი 350 ლარი გახდება, 20 აგვისტოს კი შესაძლოა 400 ლარსაც გადააჭარბოს.
რაც შეეხება დანარჩენ სტუმრებს, “რესპუბლიკა კაზანტიპის” პრესსამსახურიის ინფორმაციით, მათი საერთო რაოდენობა კვლავ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში ათასობით ადამიანი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდის. ფესტივალს სტუმრები მსოფლიოს შორეული წერტილებიდანაც კი დაესწრებიან.
“სატრანსპორტო საშუალებების მრავალფეროვნებაც შთამბეჭდავია: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანპორტი. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 20-დან 30 აგვისტომდე, ტერიტორია ანაკლიიდან განმუხურამდე, რეალობის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად, ყველაზე მხიარული, ყველაზე ბედნიერი ადამიანების “ალყაში” მოექცევა. რაც შეეხება ვითარებას, ადგილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ერთნაირად ემზადებიან როგორც რესპუბლიკის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ელვისებური სისწრაფით შენდება საცხოვრებელი, თუ კვების ობიექტები. თითქმის უკვე დასრულებულია ყველა სცენა, სადაც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი  წარსდგება მსმენელის წინაშე. ჩამოტანილია და მონტაჟდება ასეულობით ათასის ღირებულების ტექნიკა. “რესპუბლიკა კაზანტიპის” ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია სპორტი. ვინც მიჩვეულია დროის აქტიურად გატარებას, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე საფეხბურთო მოედანი, ფრენბურთი და ტენისის სათამაშო კორტები. ამას გარდა დაგეგმილია: საზღვაო ომი, ბუშტების გაშვება, საღებავებით ომი, ბალიშებით ომი და უამრავი სხვა სახალისო ღონისძიება. და, ბოლოს, კიდევ ერთხელ, მათთვის ვინც კვლავინდებურად ეჭვის თვალით უყურებს “რესპუბლიკა კაზანტიპის” ამ პროექტს, რესპუბლიკის პრეზიდენტი მათ მოუწოდებს დაელოდნონ 1 სექტემბერს და შეფასებებიც მას შემდეგ გააკეთონ”, – ნათქვამია “რესპუბლიკა კაზანტიპის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს ფესტივალზე დასასწრები ვიზების შეძენა სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით ჯერ კიდევ შეუძლიათ, ასევე რეგისტრაციის გავლა კაზანტიპის ოფიციალურ საიტზეც არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები