“დოლარის დომინირების ეპოქა დასასრულს უახლოვდება” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ დოლარის დომინირების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„აუცილებელია ჩვენი კავშირის სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსებზე მაქვს საუბარი. ყველასთვის ცხადია, რომ დოლარის დომინირების ეპოქა მთავრდება. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები ეროვნულ ვალუტებში მოხდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან აღნიშნა, რომ ბელარუსი და რუსეთი ძირითად ანგარიშსწორებას დოლარში აღარ ახორციელებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, – აღნიშნა მან.

ასევე, ის დასავლეთის სანქციების თემას შეეხო და თქვა, რომ „კოლექტიური დასავლეთის მიერ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ პრიმიტიული ეკონომიკური სანქციების შტამპი ნელდება“.

„დროა, გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. უკვე ყველა პლატფორმიდან ისმის ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე საუბრები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი პროგნოზით, ეს ყველაფერი დასავლეთის ზოგ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

„ნათელმხილველები არ უნდა ვიყოთ, რომ ვივარაუდოთ: ზოგიერთ ქვეყანაში მალე ამ ორ კრიზისს შესაძლოა, მესამეც დაემატოს – პოლიტიკური. სიმპტომები არსებობს. შიდა კრიტიკული შეფასებები, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან, უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის დასავლეთის რიგ ქვეყანაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები