საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.

მისი თქმით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით.

„დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ. ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526,0 მლნ ლარით მათ შორის, 492 მლნ. ლარამდე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, 43 მლნ. ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტებში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 596,7 მლნ ლარით იზრდება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

პროექტში სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 507.4 მლნ ლარითაა გაზრდილი.
აქედან, 330 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები, საიდანაც 230 მლნ ლარი მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებას მოხმარდება, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100,0 მლნ ლარი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 95 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, ხოლო 40 მლნ ლარი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 470,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებით გამოეყოფა 2,4 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია მოსამსახურეთა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებასთან.

მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი იზრდება 10,0 მლნ ლარით.

​კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები