კონკურსის „ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის გამარჯვებული აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე საჯაიაა. მეორე ადგილი ქ.თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი დგებუაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არაბული გავიდა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი გამოწვევების ინტეგრირებულ აღქმას ახალგაზრდებში და გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ.

ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის კონკურსი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი” (GRF) ფარგლებში გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები