გეგუთის ციხის რვა პატიმარი ქუთაისის საავადმყოფოდან გაწერეს
გეგუთის N14 დაწესებულების რვა პატიმარი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყვნენ მოთავსებული, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ “კვირას“ ქუთაისის საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ლალიაშვილმა განუცხადა. “პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად რვა პატიმარი კლინიკიდან გაწერილია“,-აღნიშნა ლალიაშვილმა. გეგუთის კოლონიაში წუხელ თვითდაზიანება 11-მა პატიმარმა მიიყენა. პატიმრებმა ფეხები და ხელები დაისერეს. პატიმრებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც, ოთხდღიანი შიმშილობისას, შედეგს ვერ მიაღწიეს. მათი მოთხოვნა გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობის გადადგომა იყო. პატიმრები ადმინისტრაციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ.