გიული ალასანია: ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
“მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
ალასანიას თქმით, მას სოლიდარობის იმედი აქვს.
“ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – ნათქვამია მიმართვაში.