ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა” და „Happy Onlife”-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.

„მედიის ეკონომიკის” პროექტის ფარგლებში IX და X კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა და რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში. უფროსკლასელებმა ასევე, დეტალურად მიიღეს ცოდნა სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმების შესახებ.

„Happy Onlife”-ის ფარგლებში კი, II და III კლასის მოსწავლეები ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს გაეცნენ. აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ და მიიღეს დეტალურად ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისა და კიბერბულინგისგან. შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation”-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის” დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო.

„მედიის ეკონომიკის” პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. Happy Onlife – ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ შინაარსის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები