ქართველი ემიგრანტები ბრუკლინში ქართველების მკვლელობაზე გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ – “არცერთ პოლიციის განყოფილებაში არ არის ფაქტი დაფიქსირებული”

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-ში, ნიუ იორკში, ბრუკლინის დასახლებაში ქართველებმა ქართველები მოკლეს,  არ დასტურდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბრუკლინში მცხოვრები ქართველები წერენ.

როგორც ირკვევა, იქ მყოფმა ქართულმა კომუნამ ინფორმაციის გაგებისთანავე დაიწყო მომხდარის გარკვევა, თუმცა არც პოლიციაში, არც მორგებსა და საავადმყოფოებში მსგავს ფაქტს არ ადასტურებენ.

„არცერთ ჰოსპიტალში არ იძებნება არც გარდაცვლილი და არც დაკავებული ქართველი. არცერთ პოლიციის განყოფილებაში არ არის ფაქტი დაფიქსირებული. ვის და რაში სჭირდება ხალხის ასე დაზაფრა? თითქოს ცოტაა სანერვიულო და სადარდებელი“, – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „კვირა“ ბრუკლინში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მანუჩარ პირველს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.

„ეს ინფორმაცია გუშინ და გუშინ წინ გავრცელდა. მე გადავამოწმე და იმ ადგილიდან მოყოლებული, აბსოლუტურად ყველა პრესინგში ჩავატარე კვლევა – პოლიციის განყოფილებაში, ოთხივე მორგში, ოთხივე საავადმყოფოში, გენერალურ საკონსულოში, აბსოლუტურად ყველგან გადავამოწმე და ეს არის მტკნარი  სიცრუე. რაში სჭირდება იმ ჟურნალისტს და ტელეკომპანიას ეს ინფორმაცია ვერ ვხვდები. თუკი სადმე მიცვალებულია და თანაც საქართველოს მოქალაქე, როგორ შეიძლება ვერ ვპოულობდეთ? სამი დღის განმავლობაში უამრავი ზარი განვახორციელეთ, მათ შორის ნიუ იორკის მერიაშიც დავრეკე. დავრეკე ცხელ ხაზზე, დავრეკე 81-ე, 69-ე, 61-ე, 59-ე პრესინგებში, რომლებიც ირგვლივ არიან – აბსოლუტურად ყველგან. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. ეს არის ყურით მოთრეული. მგონია, რომ ეს ყოველივე მაყურებლის სიცრუეში შეყვანას ემსახურება. აწყობთ, რომ ასე განიცდიდნენ ადამიანები. სახელი და გვარი არ იციან და არაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია.

ვფიქრობ, ამის მიზანია, რომ ხალხი ჰყავდეთ მუდმივად დაზაფრული. პირველი რითაც დავინტერესდი – ვინ შეიძლება ყოფილიყო გარდაცვლილი, იქნებ ვიცნობ-მეთქი.

სხვათაშორის, აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკულ პრესასაც არაფერი არ განუცხადებია. დაახლოებით ასეთი განცხადება გავრცელდა ერთი წლის წინ, მაგრამ იქ ქართველები არსად არ ფიგურირებენ. 46 წლის ადამიანი და ბანკთან ასეთი მკვლელობა ერთი წლის წინ დაფიქსირდა, მაგრამ წელს არსად, არც ლოკალურ პრესასა და მედიაში არ არის ამაზე ინფორმაცია. ეს არის ყურით მოთრეული და ყალბი ამბავი“, – განუცხადა “კვირას” მანუჩარ პირველმა.

გავრცელებულ ინფორმაციას ბრუკლინში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, ნიკოლოზ ჩხეიძეც უარყოფს. მისი თქმით, დღევანდელ სიტუაციაში ამგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული ბოროტებაა.

„ჩემი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი დასტური არც პოლიციიდან და არც ჰოსპიტლიდან არ არის. იმ მისამართზე არაფერი მაგდაგვარი არ მომხდარა. იყო ადრე, შარშან, თუმცა ქართველები არაფერ შუაში იყვნენ.

ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არაპროფესიონალიზმის მაგალითი რომ არის, ფაქტია. ათასობით ქართველ მშობელს რომ გული დაეხეთქათ ესეც. მძიმე ვითარებაა ისედაც. ასეთ სიტუაციაში ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ არაპროფესიონალურია, მაქსიმუმ კი, მიზანმიმართული ბოროტებაა. არ ვიცნობ ამის შემოქმედებს და დამკვეთებს“, – განუცხადა ნიკოლოზ ჩხეიძემ “კვირას”.

ბრუკლინში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ცუცა კაპანაძე აცხადებს, რომ ბრუკლინის დასახლებაში საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, თუმცა გარშემო მყოფებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან.

„მეც „ფეისბუქიდან“ გავიგე ეს ამბავი და ძალიან დამაინტერესა. გადავურეკე მეგობრებს, მაინტერესებდა თუ იცოდნენ ამის შესახებ, ან ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. საკმაოდ დიდი წრე მყავს. მშობლებსაც დავურეკე. ჯგუფში ყოველთვის მიწერ-მოწერა გვაქვს. სამწუხაროდ, ყველამ მითხრა, რომ მათაც „ფეისბუქიდან“ გაიგეს. მათ გარშემო არავინ არაფერი იცის. ვის აწყობს ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ უნდათ საქართველოს და ქართველებს სახელი გაუტეხონ. არ ვიცი ვინ მუშაობს ასე. ადრეც გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ისიც ტყუილი აღმოჩნდა. თუ რამე მოხდა, ამას პოლიცია გაარკვევს და აქაური სატელევიზიო არხებიც გამოაცხადებენ. ყოველთვის ვუსმენ ახალ ამბებს და დღესაც არაფერი უჩვენებიათ ამის შესახებ“, – განუცხადა “კვირას” ცუცა კაპანაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები