ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც უნგრეთის პოზიციის მიუხედავად, უკრაინას საშუალებას მისცემს 2023 წელს 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღოს.
აღნიშნულის შესახებ დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წევრი სახელმწიფოები მზად არიან, იმუშაონ იმისთვის, რომ ეს თანხა უკრაინამ იანვრიდანვე მიიღოს. უკრაინა ომშია და სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გადადებისა ან ჩაშლის უფლება მივცეთ. ამას გავაკეთებთ, ასე თუ ისე“, – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გამოსავლის ძიებაზე მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება და ევროკავშირის შეასრულებს უკრაინისადმი მიცემულ პირობებს. გამოსავლის შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისინი უკვე განსაზღვრა.
„ეს ორი ვარიანტია – სესხების გარანტირება შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყოს, ან ეს შეიძლება წევრი სახელმწიფოების გარანტიები იყოს. ეს ორი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.