კახა კალაძემ რომის მეტროპოლიტენის მშენებარე სადგური – Porta Metronia დაათვალიერა
რომში სამუშაო ვიზიტით მყოფი, თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს – Porta Metronia-ს ეწვია, სადაც რომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რომის მეტროპოლიტენის მესამე, „მწვანე ხაზი“ ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს და უნიკალური მახასიათებლები აქვს, რადგან მისი მარშრუტი რომის ისტორიული და კულტურული ღირებულებებით გამორჩეულ არეალზე გადის. მშენებარე Porta Metronia, მოქმედ San Giovanni (სან ჯოვანი)-სთან ერთად, „არქეოლოგიური სადგურების“ პირველ მაგალითს წარმოადგენს, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი და მოქალაქეებს, მეტროთი გადაადგილებისას, ერთგვარად, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ.
რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. პროექტი 25,5 კმ-ზეა გათვლილი და მისი ღირებულება 3 მილიარდ 28 მილიონი ევროა. კახა კალაძესთან ერთად, რომის მშენებარე მეტროსადგური მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ დაათვალიერეს.