გივი მიქანაძემ წლის საუკეთესო მოხალისის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„მოხალისეთა საერთაშორისო დღე საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება და გამარჯვებულ მოხალისეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. მოხალისეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების გზაზე შესაძლებლობას აძლევს თვითონ გახდნენ იმ პროცესების მონაწილე, რომლითაც ქვეყნის წინსვლას დაეხმარებიან და უკეთესი მომავლისთვის თვითონვე იზრუნებენ. მივესალმები გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერას და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ განხორციელებულ პროექტს, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა და შესაძლებელი გახადა, ასობით ახალგაზრდას სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში მიეღო მონაწილეობა. ეს არის გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ახალგაზრდებმა პოზიტიური როლი შეასრულონ ადგილობრივ თემში და მაგალითი მისცენ სხვა ახალგაზრდებს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატმა, გივი მიქანაძემ წლის საუკეთესო მოხალისის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის წევრმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

„განსაკუთრებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, არაერთი მოხალისეობრივი აქტივობა განხორციელდა. დღეს ჩვენი მეგობარი ერი ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მსგავსი მხარდაჭერა კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ სოლიდარობის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მოძმე, მეგობარი ერის მიმართ ავლენს. ასეთ ჩართულობა, ასეთი ენთუზიაზმი მხოლოდ პოზიტივის მომტანია და მე, ჩემი მხრივ, მზად ვარ, პარლამენტში კიდევ უფრო მაქსიმალურად გავაძლიერო ის საქმიანობა, რომელიც მსგავსი პროექტების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისასალმებელ სიტყვაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდული პროექტების ეფექტიანობის გაზრდისთვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ადგილობრივ დონეებზე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესებში პარლამენტის როლი გამოყო. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ყოველთვის იყო მსგავსი პროექტების მხარდამჭერი და პოლიტიკური და საკანონმდებლო კუთხით, კვლავაც გააგრძელდება ის მხარდაჭერა, რაც მოხალისეობის მიმართულებას საქართველოში კიდევ უფრო გააფართოებს და გააძლიერებს.
ღონისძიების დასასრულს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გივიაშვილმა 15 გამარჯვებულ მოხალისეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მსოფლიო მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის” მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები