“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ, არის ყალბი ინფორმაცია” – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ – არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ – არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.

საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე.
ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა.
ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.
ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს.
საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და
არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.
კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა – ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებელ შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები