გიორგი ცუცქირიძე – წამლების რეფერენტულ ფასზე: ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს

პარლამენტმა წამლების რეფერენტული ფასის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ რეფორმის ამოქმედებით, 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვა მოხერხდება.

რა გავლენას მოახდენს საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების რეფერენტულ ფასს – ამ საკითხებზე “კვირას” ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა.

“პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეფორმის პირველი ნაწილი დაიწყო მიმდინარე წელს და ის ეხებოდა თურქეთიდან წამლების შემოტანას. ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნიდან წამლების შემოტანამ და გარკვეულმა ფასდაკლებამ, გამოიწვია მედიკამენტებზე 30-40%-იანი კლება საშუალოდ. ამ რეფორმის გათვლაც, ის არის რომ დაახლოებით ამდენივეთი, ალბათ, 30-40%-ით კიდევ გაიაფდება წამლები, როდესაც ამ რეფორმის გატარებას დავიწყებთ.
რა ეფექტი აქვს ასეთ რეფორმებს ეკონომიკაზე – პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდ ხარჯი, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ასეა, ეს არის სოციალური ხარჯი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ადამიანების ავადობის შედეგად. თუ ადამიანები შეძლებენ წამლების იაფად შეძენას, ჯერ ერთი, ეს მათ ჯიბეზეც პოზიტიურად აისახება და მათ ჯანმრთელობაზეც. იმიტომ რომ როცა ძვირია წამლები, ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ მათ შეძენას. ძირითადად, ეს ეხებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, ასევე, ონკოლოგიურ პრეპარატებს. შესაბამისად, დანაზოგი ექნება ადამიანსაც და სახელმწიფოსაც.
ამიტომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს“, – ამბობს ცუცქირიძე.

გიორგი ცუცქირიძე ასევე განმარტავს, რეფორმის გატარების პარალელურად რა რისკი შეიძლება არსებობდეს და რა ქმედითი ნაბიჯებით არის ის დაძლევადი.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ არის რისკები რომ იმპორტიორებმა უარი თქვან მედიკამენტების შემოტანაზე. თუმცა ეს რეფორმა ჩატარდა ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იგივე მოლდავეთში, ყაზახეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი რისკი ეს არის სავალუტო რისკი, რომლის ცვლილებითაც შესაძლოა, მნიშვნელობა დაკარგოს ინვესტორისთვის, რომ მოგება ვერ მიიღოს. მაგრამ ჩვენთან საკმაოდ დადებითი ტენდენციაა ვალუტის კურსის მხრივ, ლარი არის საკმაოდ სტაბილური და უახლოესი წლების პროგნოზებს თუ ავიღებთ, იგივე სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა ევროპაში, ყველაზე კონსერვატორული შეფასებითაც კი. შესაბამისად, არ მგონია, რომ ლარის კურსს ისეთი რყევა ან გაუფასურება ჰქონდეს, რომ ამან ზეგავლენა იქონიოს. თუმცა, რომც ყოფილიყო ლარის გაუფასურება, ეს ფასები, რეფერენტული ფასის ზედა ზღვარზე მაქვს საუბარი, გადასინჯვადია და შეიძლება შეცვლილიყო. მეორე საკითხი, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვა მედიკამენტი, ეს რისკის მატარებელი არ არის, რადგან ერთი ქვეყნიდან შემოტანილმა ასე დასწია ფასი და თუნდაც 5 ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტის რეფერენტული ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნება, საუბარია უკვე დაკლებული ფასის კიდევ 40%-მდე გაიაფებაზე”, – განაცხადა ცუცქირიძემ “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები