თამარ ბოდოკია: არც ზეწარგადაფარებულ პაციენტებს დაატარებენ ინფექციურის ეზოში
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს ვერ იტევს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია გამოეხმაურა.
“ვრცელდება “საგანგაშო ინფორმაცია”, ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს ვეღარ ღებულობსო და სასწრაფომ აღარ იცის პაციენტები სად გადაიყვანოსო, სრულ პანიკას და ისტერიკას იწვევს, ისეთი შინაარსის სტატუსი და კომენტარებია შემდგომ. ვიღაცამ ებოლას ვირუსის გავრცელებაც კი დააანონსა. ძალიან გთხოვთ, ნუ აიტაცებთ და ტირაჟირებას ნუ გაუკეთებთ მსგავს დეზინფორმაციებს, ვიდრე ჩვენთან არ გადაამოწმებთ. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ყველა ნომერს ვპასუხობთ. ასევე მუშაობს სამინისტროს „ცხელი ხაზიც“: 15 05. ინფექციურის რეანიმაციას რომც არ ჰქონდეს პაციენტის მიღების საშუალება, ქალაქში არსებობს კლინიკები, სადაც სიცხიანი პაციენტის მიღება და მკურნალობა შესაძლებელია. საპანიკო არაფერია, არც ზეწარგადაფარებულ პაციენტებს დაატარებენ ინფექციურის ეზოში. ის, რაც ამ ბოლო დღეებში ვნახე და მოვისმინე, მგონია, რომ საზოგადოების შეგნებულად გასაგიჟებლად ხდება”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ბოდოკია.