„ხელოვნების სასახლემ სამი შესანიშნავი ალბომი გამოსცა“ – გიორგი კალანდია
ხელოვნების სასახლემ სამი ალბომი გამოსცა – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„ძალიან კარგი ამბები გვაქვს, მეგობრებო! საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ სამი შესანიშნავი ალბომი გამოსცა:- ხელოვნების სასახლის დამაარსებლის დავით არსენიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა ფერადი 250-გვერდიანი კატალოგი, ეს ჩვენი მუზეუმის შესახებ პირველი ამ მასშტაბისა და ტიპის გამოცემაა.
გამორჩეული თეატრალური მხატვრის დიმიტრი თავაძის ხსოვნას მიეძღვნა 200-გვერდიანი ფერადი კატალოგი, რომელშიც მხატვრის უნიკალური ნამუშევრების გამორჩეული კოლექცია შევიდა და თანამედროვეობის ბრწყინვალე მხატვრის თამაზ ხუციშვილის შემოქმედებას მიეძღვნა 300-გვერდიანი, ფერადი კატალოგი, რომელიც მხატვრის თითქმის მთელ შემოქმედებით გზას მოიცავს!
კატალოგების პრეზენტაციების თარიღს აუცილებლად დამატებით შეგატყობინებთ! განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და მუზეუმის შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის! როგორც ყოველთვის, ჩვენი გამოცემები შესრულებულია ბრწყინვალე პოლიგრაფიითა და დიზაინით“, – წერს გიორგი კალანდია.

