გურამ პატარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის,  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის – .გურამ პატარაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის – „გზა უსასრულო“ წარდგენა  და ხსოვნის საღამო.
წიგნი-ალბომი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია გურამ პატარაიას პირადი, სტუდენტობის დროინდელი წერილები, სტატიები და მოგონებები მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების შესახებ.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის წევრები, გურამ პატარაიას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
საღამოს კულტუროლოგი და მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილი უძღვებოდა.
„ლიტერატორ თამარ მიქაძის ავტორობით გამოცემული კრებული აერთიანებს საინტერესო ფოტოებსა და პოპულარულ ფრაზებს რეჟისორის ფილმებიდან, ასევე – უნიკალურ მასალებს, რომლებიც უკავშირდება გურამ პატარაიას მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება“, „შორია გურჯისტანამდე”, „ათონის მატიანე“, „ტაო-კლარჯეთი“.

წიგნი-ალბომის  „გზა უსასრულო“ პროექტის ავტორი და შემდგენელი – თამარ მიქაძე

გურამ პატარაიას შემოქმედება გაიხსენეს და მასზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა. ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები გურამ პატარაიას დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიდან: „კუჩხი ბედინერი“, „რეკორდი“, „ხანძარი“, „სიყვარული და პომპიერო“, „თოჯინები იცინიან“ (რომლის სცენარის ავტორიც ბატონი გურამი გახლდათ).
გურამ პატარაია, სხვადასხვა წელს, სოხუმის, გორის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა თუ რუსთაველის თეატრებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა.

გურამ პატარაიას შვილი – სოფო პატარაია

1959 წლიდან იყო საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი დირექტორი. 1961 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიაში, სადაც არაერთი შესანიშნავი მხატვრული ფილმი შექმნა. რეჟისორი 1983 წელს, ნაადრევად, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები