ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დღეს, 30 ნოემბერს დაამტკიცა 2022 წლის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშის პროექტში ცვლილება, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს და, სავარაუდოდ, იანვარში უყრის.
როგორც Eurointegration-ი წერს, ევროპარლამენტში ეჭვობენ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში უნგრელი ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მიმართ მიკერძოებულია და მისი ქცევის სათანადო გამოძიება სურთ.
„ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების გვერდის ავლას და ძირის გამოთხრას; მოუწოდებს ევროკომისიას, დაიწყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება საკითხზე – არის თუ არა კომისარ ვარჰეის მიერ გატარებული პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის და ევროკავშირის ხელშეკრულებებით კომისრის ვალდებულებების დარღვევა“, – ნათქვამია შესწორების ტექსტში, – წერს Eurointegration-ი.
შესწორების ინიციატორი ოთხი ევროპარლამენტარია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან: ტეის როტენი, ნაჩო სანჩეს ამორი, ხავი ლოპესი და ტონინო პიცულა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტში დადებითი კენჭისყრა არ არის გარანტი იმის, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი დაუჭერს მხარს.