საკანონმდებლო ცვლილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტს უშუალოდ სამსახურის უფროსი წარუდგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს პარლამენტს, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წარუდგენს უშუალოდ სამსახურის უფროსი.
პარლამენტის ინფორმაციით, მოქმედი ნორმის მიხედვით, პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე.
შემოთავაზებული ცვლილების პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის მიმართულებით, 2022 წლის 3 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესს. კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.