გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

„აღნიშნული კანონი ძალაშია 2018 წლიდან, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გარემოსდაცვითი შეფასების სისტემური გაუმჯობესება, რათა უზრუნველვყოთ ყველა იმ საქმიანობის სრულყოფილი შეფასება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. ეს არის უმთავრესი ამოცანა და კარგი გარემოს დაცვითი მმართველობის მთავარი პირობა”, – ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა.

კანონპროექტის ცვლილების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უფრო ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა წარმოადგენს, რაც, ერთი მხრივ, სრულად ასახავს ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვედრაშია ე.წ. ორჰუსის კონვენციით განსაზღვრულ რეგულაციებთან.

„იმისთვის, რომ ეს მექანიზმები გაძლიერდეს და გახდეს უფრო ეფექტიანი, შემოვდივართ ინიციატივით, რომ საჯარო განხილვების ორგანიზების მათ შორის, მოსახლეობის ჩართულობის, მათი ცნობადობის გაზრდის და ასევე, დაგეგმილი საქმიანობების და საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფუნქცია-მოვალეობა გადავიდეს სსიპ. გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრში. მნიშვნელოვანია ამ ცენტრს ასევე, დაეკისროს საჯარო განხილვების ორგანიზების და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიტანის მნიშვნელოვანი ფუნქციაც”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ცენტრმა უნდა შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხარისხი და დასახოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, გაძლიერდეს და საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება სპეციალური საინფორმაციო პორტალი, რომელიც სამომავლოდ, პროცესის უფრო კვალიფიციურად და ფართო მასშტაბით წარმართვას და გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/პროექტების განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის გაცილებით მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. მომხსენებლის ინფორმაციით, როგორც სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, ისე კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები შესაბამისობაშია ღია მმართველობა საქართველოს (OGP) ახალი სამოქმედო გეგმით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე აღებულ ვალდებულებებთან. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები