პრემიერის თქმით, არსებობს ინფორმაცია, თითქოს, PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ შემთხვევას
ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია – PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით, 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში.
„და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების.
მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად.
ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი,”- აღნიშნა პრემიერმა.