პრემიერი: მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
მინდა, საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„მოგესალმებით, მინდა, დღეს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა”, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები.
ფაქტიური მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და შესაბამისად ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,”- აღნიშნა პრემიერმა.