მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი და მისი უკრაინული მოდელი თვისობრივად ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტებია.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს.
„თვისობრივად ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტებია ჩვენი, ქართული საკანონმდებლო ინიციატივა დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი და უკრაინული მოდელი. უკრაინული მოდელი ვენეციის კომისიაში რეკომენდაციისთვის არის გაგზავნილი. იქ გაკეთდა მკაფიო შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი კარგია. ამით უკრაინა დაწინაურებულია და შესაბამისად, მოწოდება იყო ამ კანონის მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების დასაწყებად. ვფიქრობ, ესეც ამცირებს ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ქონის საჭიროებასა და მიზანშეწონილობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.