შექსპირის უცნობ პორტრეტს მისი ანონიმი მფლობელი 10 მილიონ ფუნტად ყიდის

ლონდონის პორტრეტის ნაციონალური გალერეის მუდმივ კოლექციაში გამოფენილ შექსპირის ცნობილ პორტრეტს, რომელიც მხატვარ ჯონ ტეილორის ეკუთვნის და გენიალური დრამატურგის სიცოცხლეში შესრულებულ პორტრეტად ითვლება, ახალი მეტოქე გამოუჩნდა.
არტ ისტორიკოსებისა და მკვლევრების ნაწილის აზრით, უფრო სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს ამჯერად გამოჩენილი პორტრეტი, რომელსაც მეფე ჯეიმს I-ის კარის მხატვარს რობერტ პიკს (1551-1619) მიაკუთვნებენ.
რამდენიმე წლის წინათ შექსპირის აღნიშნულ პორტრეტზე კორთოლის ხელოვნების ინსტიტუტმა ჩაატარა პიგენტების კვლევა, რომელმაც მათი მე-17 საუკუნის დასაწყისის ავთენტიკურობა დაადასტურა.
პორტრეტი ზომით 50X45 სანტიმეტრია, სურათის ზედა ნაწილებში, სავარაუდოდ, მხატვრის მიერ ერთ მხარეს არის მიწერილი ციფრი 1608, მეორე მხარეს კი „44 წლის”. ეს მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ პორტრეტი შექსპირის სიცოცხლეში, 1608 წელს დაიხატა, როცა ის 44 წლის იყო.
მოიძებნა სარწმუნო წყაროები, რომ მხატვარი და დრამატურგი ნამდვილად იცნობდნენ ერთმანეთს და ერთ ნაგებობაში, კერძოდ, კლარკენველის (უბანი ცენტრალურ ლონდონში) წმინდა ჯონის მონასტერში მუშაობდნენ.  სანამ შექსპირი მაყურებლის წინაშე გამოიტანდა თავისი პიესების მიხედვით შექმნილ სასცენო სანახაობებს, მათ აქ ამზადებდა და აჩვენებდა იმ საგანგებო ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც მისი „გლობუსის” თეატრში საჯაროდ წარმოდგენის უფლება უნდა გაეცა.
რობერტ პიკი სამეფო კარის მხატვარი იყო და იმ ეპოქის არაერთი ცნობილი პიროვნების პორტრეტი   შექმნა. იმხანად შექსპირი უკვე სახელმოხვეჭილი ავტორი იყო და სავსებით დასაშვებია, რომ მისი პორტრეტი სამეფო კარის შეკვეთით შესრულებულიყო.
ფაქტია, რომ ეს პორტრეტი სამი საუკუნის განმავლობაში თვალს იყო მოფარებული, 1975 წელს ის ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ მასამში, სვინტონ ჰოლ ჰაუსში, ვინმე დენბის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. საოჯახო რელიკვია მათ 47 წლის წინათ აუქციონზე 400 ფუნტად გაყიდეს. არავინ უწყის, მას შემდეგ რამდენი პატრონი გამოიცვალა შექსპირის ამ პორტრეტმა. ახლანდელმა ანონიმურმა მფლობელმა კი მისი კერძოდ გაყიდვა მოისურვა. არ მიუმართავს სააუქციონო სახლებისთვის, მან მეიფეაზე, ლონდონის ცნობილ სასტუმრო „გროენორ ჰაუსში” (Grosvenor House Hotel) დააკიდებინა შექსპირის პორტრეტი და დათქმულ დროში, ვინც მასში 10 მილიონ ფუნტს გადაიხდის, სურათის ახალი მეპატრონე ის გახდება.
მართალია, ბევრს არ სჯერა, რომ ეს მართლაც სიცოცხლეში დაწერილი შექსპირის პორტრეტია, უფრო ლამაზი ლეგენდა ჰგონიათ. თუმცა უმეტესობა არ გამორიცხავს სურათის ავთენტიკურობას და მათი დიდი სურვილია, რობერტ პიკის ქმნილება ვინმე ბრიტანელმა შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქვეყნისთვის დაკარგულად ჩაითვლება. ვინ იცის, ამ დღეებში ვინ გახდება მისი ახალი მფლობელი? იქნებ ისეთი ვინმე გამოდგეს, ვინც სამომავლოდ თავის ამჟამინდელ შენაძენს ლონდონის პორტრეტის ნაციონალურ გალერეას ხელმისაწვდომ ფასად დაუთმობს, ან სულაც ფილანთროპი აღმოჩნდება და უანგაროდ გადასცემს?!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები