ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა
ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს – თომას მიულმანს, ავსტრიის სავაჭრო პალატის წევრს – კარლ-ჰაინც კოპფსა და კომისარს ვაჭრობის საკითხებში – გერჰარდ ლაკნერს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში – ქეთევან ციხელაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორმხრივ ნაყოფიერ კავშირებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამთო ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. ყურადღება გამახვილდა დახმარებაზე, რომელიც ავსტრიის მთავრობამ საქართველოს კოვიდპანდემიის დაძლევის მიმართულებით გაეწია.
აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის გაუმჯობესებული დინამიკა, კერძოდ, 2021 წელს ექსპორტი 6 პროცენტით, 2022 წლის 9 თვეში კი 16 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ვაჭრობის მიმართულებით არსებობს. ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიული ბიზნესის შესახებ საქართველოში. ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე 245 კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც ავსტრიული კაპიტალითაა შექმნილი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ავსტრიული ბიზნესის შემოსვლას საქართველოში და ქართულ ბიზნესთან კავშირების გაღრმავებას. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ბიზნესფორუმები, სავაჭრო მისიები, გამოფენების, B2B – შეხვედრები და სხვ. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისებს საინვესტიციო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქართული და ავსტრიული ბიზნესის თანამშრომლობის ზრდას. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ავსტრიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და აღინიშნა, რომ ამ მხრივ პოტენციალი ძალიან დიდია.