დავით მაღრაძე: აშკარაა, რომ ვიღაცებს ძალიან სურთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა
“საქართველოს გადარჩენის გზა ევროინტეგრაციაშია, რადგან მათ თავიანთი სულიერი გამარჯვებების, შექსპირის, სერვანტესის, დანტე ალიგიერის, გოიასა და სხვა საგანძურის ყოველდღიური კულტურის ენაზე თარგმნა შეძლეს. ამ კულტურით ისინი თავიანთ დიდი წინაპრებს ჰგვანან, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით… დღევანდელი ქართველი საზოგადოება პოლიტიკური თუ ყოფითი კულტურით, გენიალური ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, გნებავთ, გალაკტიონის ან ფალიაშვილის ესთეტიკას საერთოდ არ ჰგავს”, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაღრაძემ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, აშკარაა, რომ ვიღაცებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა სურთ.
“თავდაპირველად ჩვენი ეპოქის ნიშან-თვისებებზე ვისაუბრებ. სხვაგვარად კონტექსტიდან ამოვარდნილ ვითარებას ვერ დავინახავთ. ქართველი საზოგადოება დასავლური ცივილიზაციისკენ მივისწრაფვით, იმისკენ, მაკედონელმა დარიოსზე რომ გაიმარჯვა და თავისი ხმლით განსაზღვრა ელინური კულტურა, რაზეც შემდეგ დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ რელიგიასთან ერთად დაშენდა. თუმცა ახლა ასე მგონია, დასავლურ სამყაროში თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა არატრადიციული რელიგიით სურთ. თეოკრატიული სახელმწიფოს სასტიკი წინააღმდეგი ვარ, არატრადიციული კი არა, ტრადიციული რელიგიითაც კი, იმიტომ, რომ ქრისტიანობის ჭეშმარიტება და ხიბლი ადამიანის თავისუფალი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო ადამიანს თავს ახვევს რელიგიას, არჩევანის სივრცე იკარგება. სურათი უფრო მკაფიო რომ გავხადო, უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ კონტექსტი ეს არის – მორალურ ქაოსს ლამის საკონსტიტუციო რელიგიად გვთავაზობენ. ადამიანი ცუდი და კარგი გამოცდილების გარეშე რჩება, ეს კი ძალიან მიმზიდველია ხელოვნების სამყაროში მყოფთათვის, რადგან იქ ძალა კი არის ერთობაში, მაგრამ სიმართლე ცოტაშია. ამიტომაც შემთხვევით აღმოჩენილი მოხალისე ხელოვანების უმრავლესობა ყოველთვის მორალურ ქაოსს დაუჭერს მხარს, რადგან ღირებულის შემქმნელი ყოველთვის ცოტაა, მოხალისეები კი მათ ბევრად აღემატებიან. ამიტომაც სურთ თავიანთი რიცხობრივი უპირატესობა ხარისხობრივი უპირატესობის ენაზე თარგმნონ. ეს არის მეორეების, “სექენ ჰენდების” რევანში პირველებზე. ამ ქაოსში შეფასების კრიტერიუმი აღარ არსებობს და თამასა იკარგება. საზოგადოება, რომელსაც პირველის მეორისგან გარჩევა შეუძლია, გამქრალია. ეს გლობალური პრობლემაა, თუმცა ჩინეთს, ინდოეთსა და აზიის ქვეყნებს არ ვგულისხმობ, დასავლეთ ცივილიზაციაზე ვსაუბრობ, რომელსაც ეს ყველაზე მძაფრად შეეხო. ასეთია პროტესტანტული ეთიკა, სადაც მეცნიერება სულიერებაზე უპირატესია, ფიზიკა კი – მეტაფიზიკაზე, მაგრამ ასე მგონია, ჩვენი ეპოქა ამ ეთიკასაც გასცილდა და რაღაც ახალი შემოგვთავაზა – სამყაროს შექმნაში ღვთის ხელის დანახვას დიდი აფეთქების თეორიის კვლევა ურჩევნია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანი სრულყოფილების ხატისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მისივე სისუსტეების გამო ფერხდებოდა, ახლა კი ისე სურთ ყველაფრის წარმოჩენა, თითქოს პრობლემა მათში კი არა, ღირებულებებშია. ბოლო ხანებში, საბედნიეროდ, ევროპაშიც იცვლება ტენდენციები, გამეფებული ტრენდი თავდაღმართისკენ მიდის და დასავლურ ღირებულებებთან ახალი მიბრუნება იწყება, რადგან ასეთია ბუნების კანონი – ადამიანი უღმერთოდ დიდხანს ვერ ძლებს. რაც დრო გავა, ევროპა სამშობლოსკენ, რწმენისა და ოჯახისკენ უფრო დაიწყებს სწრაფვას. ამის ნიშნები უკვე გაჩნდა. ამაშია მისი სიკეთე, ის ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს.
საქართველოს გადარჩენის გზა ევროინტეგრაციაშია, რადგან მათ თავიანთი სულიერი გამარჯვებების, შექსპირის, სერვანტესის, დანტე ალიგიერის, გოიასა და სხვა საგანძურის ყოველდღიური კულტურის ენაზე თარგმნა შეძლეს. ამ კულტურით ისინი თავიანთ დიდი წინაპრებს ჰგვანან, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით… დღევანდელი ქართველი საზოგადოება პოლიტიკური თუ ყოფითი კულტურით, გენიალური ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, გნებავთ, გალაკტიონის ან ფალიაშვილის ესთეტიკას საერთოდ არ ჰგავს. ამიტომაც უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის ევროპა, იქნებ მათთან თანაცხოვრებაში მაინც ვისწავლოთ, როგორ ვთარგმნოთ ჩვენი საინტერესო თავგადასავალი ყოფილი კულტურის ენაზე.
ევროპული ბიუროკრატია ხანდახან ინერციით მიჰყვება 15-20 წლის წინანდელ კონიუნქტურას და ამან განაპირობა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალზე უსამართლო გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობის სამართლიან შეფასებას. ევროკავშირის ბიუროკრატია ამ ორგანიზაციის ბიუროკრატიის ნაწილია… საბჭოთა ექო უფრო იმ ადამიანებში ირეკლება, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე კი არა, ევროპის პოლიტკონიუნქტურაზეა ორიენტირებული. ისინი საბჭოთა კარიერისტ აქტივისტებს ჰგვანან, რომლებიც დისერტაციებს იცავდნენ, სამეცნიერო ხარისხი ჰქონდათ, მაგრამ ცოდნა არ ჰქონდათ. მათი სულიერი მემკვიდრეები არიან ის დღევანდელი პერსონები, რომელთაც მრავალგვერდიანი სი-ვი აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ბიოგრაფია. თუმცა ქართველებმა რაღაც შტამპები ნამდვილად მოვიფიქრეთ და იმაში დავრჩით. იქნებ დროა, მუდმივად ერთმანეთის სოციალური მდგომარეობით გასამართლებას როგორმე თავი დავაღწიოთ. ეროვნული მოძრაობის დროს ერთი ნაწილი ძალზე გულწრფელი იყო, მაგრამ მასობრივი აღტყინების თანახმად, საბჭოთა პლებეი ასამართლებდა საბჭოთა ინტელიგენტს. ვინც საბჭოთა პლებეის ემართლებოდა, ყველამ “პატრიოტი” დაირქვა, შეიძლება კარგი ინჟინერი ხარ, მაგრამ ცუდი ქართველიო. თავად კი კარგ ქართველად მიიჩნევდა თავს, ოღონდ რაში გამოიხატებოდა მისი კარგი ქართველობა, არავინ იცის. ახლაც იგივე ხდება. უბრალოდ, ფიქრი, სრული სურათის დანახვა, როგორც ყოველთვის, ახლაც გვეზარება. დღესაც ასეა, მავანი თავისი საზომით ზომავს ყველაფერს და ცდილობს რეალობა ისე წარმოაჩინოს, თითქოს ერთ მხარეს რუსეთია, მეორეზე – ამერიკა. სამშობლოს ვერ ხედავენ, მათთვის იქამდე არც გზაა და არც ბილიკი.
მეგობარი ქვეყანა არ არსებობს, სტრატეგიული პარტნიორი – კი. პოლიტიკაში ინტერესთა თანხვედრა ხდება, მარადიული მხარდამჭერები არ არსებობენ. საქართველო-ამერიკას შორის ინტერესთა თანხვედრაა, რაც ორივესთვის მისაღებია. ამერიკა საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად სჭირდება, თავად ამერიკას კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორი სჭირდება, საქართველო კი ამ რეგიონში წარმატებული იყო. ის, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო არ მოგვცა სტატუსი, კითხვებს ბადებს და ამას ვერ დავმალავთ. ჩვენზე წინ ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინა დააყენეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცოდა ოფიციალურმა ვაშინგტონმა. ამიტომ ვამბობ, პოლიტიკაში მეგობარი ქვეყნები არ არსებობენ-მეთქი. ამერიკამ კარგად იცის, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც მასზე ძლიერი ქვეყნების გარემოცვაში უწევს არსებობა და მისი დახმარებით ახერხებს კიდეც. ახლა, როდესაც რეგიონში სრულიად ახალი რეალობაა, საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან უკვე გამოიკვეთა თურქეთ-აზერბაიჯანი, რუსეთი-სომხეთი. ირანის ინტერესებიც თანდათან ძლიერდება – საპორტო ქალაქ ბანდერ-აბასზე დიდ იმედს ამყარებს და ცდილობს რეგიონში თურქულ-აზერბაიჯანული პაკეტი ჩაშალოს. თუმცა კარგი სიახლეც გვაქვს – რუსეთმა ერთადერთი დომინანტობიდან ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყნის სტატუსისკენ გადაინაცვლა. უკრაინის ომის ფონზე მისი უძლეველობის მითს ბოლო მოეღო და ნომერი პირველი თუ მეორე არმიის ნაცვლად, კორუფციაში ჩაძირული საშუალო განვითარების მქონე არმია გამოჩნდა. გაქრა ჟურნალისტ სოლოვიოვის შექმნილი რუსეთის უძლეველობის ზღაპარი და მისი ქვეყნის ჰეგემონია წარსულს ჩაჰბარდა. მაგრამ საქართველოსთვის საფრთხე არ გამქრალა. რეგიონული გზის პროექტიც რჩება და სამხრეთ კავკასიაშიც საქართველოს თავისი ადგილი უჭირავს, თან ყველაფრის მიუხედავად, დასავლური ორიენტაციის ერთგულია, გამოსწორებას, დალაგებას ცდილობს… უნდა გვახსოვდეს, მეზობლობა არ იცვლება და სიფრთხილეც ყოველ ნაბიჯზე, ყველა სიტყვაში გვმართებს. სულიერად, სამართლებრივად, კულტურული ღირებულებებით საქართველო ევროპის ნაწილია და მისკენ სვლა არ უნდა შევწყვიტოთ. ევროპაში ხშირად ვარ და ვიცი ევროპელი ხალხის სულისკვეთება, რაც მის ბიუროკრატიაში ნამდვილად არ ირეკლება. ამიტომ მგონია, რომ განწყობები და დამოკიდებულებები თავის გზას იპოვის და ჩვენს სასიკეთოდ იქაც შეიცვლება ტენდენციები.
რაც შეეხება ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის შეფასებას, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა შეინიშნება – სამწუხაროა, როდესაც ამ რანგის პოლიტიკოსისგან ასეთი უსამართლო ბრალდება ისმის, მაგრამ ის ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი შაჰინია და არა შაჰინ-შაჰი, როგორც საქართველოში ბევრს ჰგონია. ეს პირადად მისი შეფასებაა და არა მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. ვფიქრობ, მას რაღაც საკითხებზე ინფორმაცია არა აქვს, ან თუ აქვს და მაინც ასე მიაჩნია, მაფიქრებინებს, რომ ტენდენციურია. საქართველოში ჩამოსულმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სრულიად საწინააღმდეგო კომენტარი გააკეთა. რომელი დავიჯეროთ?
ჩვენ ჩვენი, ქართული სიმართლე უნდა შევქმნათ და ვატაროთ. არა მგონია, შაჰინის პოზიცია ამერიკის სახელმწიფოს მტკიცე პოზიციას გამოხატავდეს, რადგან მანამდე ვარჰეის განცხადებაც მოვისმინეთ. საქართველოზე ვინ რას იტყვის, იმის მიხედვით ვერ ვიგლოვებთ და ვერც ვიდღესასწაულებთ. საქართველო, ასეთი ფრაგმენტული შეფასებების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს და ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც მისკენ მიისწრაფვის… ზოგიერთი ევროპარლამენტარი კანდიდატობის სტატუსის სანაცვლოდ მეორე ფრონტს გვთავაზობდა, მაგრამ ჩვენ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გვინდა და არა სიკვდილის შემდეგ ზეციურ ევროკავშირში მოხვედრა.ჩვენთვის მეორე ფრონტის გახსნა სიკვდილს უდრის. ჩვენი საგარეო კურსი აშკარაა. გარდა ამისა, ის, რომ რუსეთი და ამერიკა მსოფლიოს ინაწილებენ, ძველი შეხედულებაა, ახლა რეგიონში გავლენისთვის თურქეთ-აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, დასავლეთი იბრძვიან. უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის რუსეთის ჰეგემონიაც. თუმცა დღევანდელი სამყარო მხოლოდ ტენდენციური ადამიანებისთვის დარჩა რუსეთ-ამერიკის გავლენის სფეროებად. ამერიკას ევროკავშირზე გავლენა აქვს, მაგრამ მსოფლიო ჰეგემონი არც ის არის. ევროკავშირს მომავალში მეტი დამოუკიდებლობა სურს და ამას ესწრაფვის. ამიტომ ვირჩევთ ევროპას ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად. ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მეტიც, განვითარდება, ოღონდ იმედია, დემოკრატიის და არა არესტოვიჩის გზით, რომელიც ყვარყვარე თუთაბერივით მილიონიანი არმიით ხან თბილისს მიადგება, ხან კი ტრაპიზონს… რუსეთიც, როგორც სახელმწიფო, პირისაგან მიწისა არ აღიგვება, ის გადარჩება, მაგრამ იმედია, პროგრესული ქვეყანა გახდება. მანამდე კი არ იკვეთება ნიშნები, რომ იმ ძალებს, რომელთაც ამ ომის შეჩერება შეუძლიათ, მისი მალე დასრულება სურდეთ. აშკარაა, რომ ვიღაცებს ძალიან სურთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, ეს მათ გამარჯვებად მიაჩნიათ. დღევანდელ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ძალიან მცირე გამონაკლისის, “გირჩისა” და ალეკო ელისაშვილის – “მოქალაქეების” გარდა, რომელთაც მოსახლეობაში გავლენა არა აქვთ, ოპოზიცია აღარ არსებობს. “ნაცმოძრაობა” და რამდენიმე უსახური პარტია, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, მოსახლეობის მხარდაჭერას კარგავენ. ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო, რადგან როდესაც ადამიანებს დანაშაული აერთიანებს, მათი დაცალკევება რთულია, რათა მათი საქმეები არ გამჟღავნდეს. ამიტომაც იცავენ ერთმანეთს კბილებით, მაგრამ როდესაც საყრდენი გამომზეურდება, ერთობაც იშლება, რადგან ერთმანეთის დაცვა აზრს კარგავს. შესაძლოა ფინანსები ახლაც აქვთ, მაგრამ ერთმანეთთან მაინც ანტაგონიზმი გაუჩნდათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც ვიცოდით, რას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ბოლომდე გამოაჩინეს სახე. ახლა ჩვენი მთავარი საფრთხე ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლებაა და შეცდომების დაშვების საშიშროება იზრდება. როდესაც ოპოზიციის ველი ცარიელია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და ხელისუფლებას შეცდომების დაშვების უფლება არ მისცეს. იქნებ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და არა მის წასაშლელად, რასაც “ნაციონალები” წლების განმავლობაში აკეთებდნენ”, – განაცხადა მაღრაძემ.