,,მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა აშკარა ინტერესი კონკრეტული კომპანიების მიმართ, მათ ლობირებდა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა.
პროკურორის თქმით, შემდეგ პროცესებზე წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის, დაახლოებით 8 400 000 ლარის ლეგალიზაცია.
„დაიკითხა მოწმე, რომელიც იყო რომეო მიქაუტაძის თანამშრომელი, მის დაქვემდებარებაში შედიოდა და ცალსახად დააფიქსირა ფურცელზე, რომ რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა აშკარა ინტერესი კონკრეტული კომპანიების მიმართ, მათ ლობირებდა. განაცხადა, რომ ყველამ იცოდა მის სამსახურში, რომ ეს კომპანიები იყო რომეო მიქაუტაძის. რომეო მიქაუტაძის ჩათვლით სულ დასაკითხია 117 პირი, ასევე წარვადგენთ წერილობით მტკიცებულებებს და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის, დაახლოებით 8 400 000 ლარის ლეგალიზაცია. მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ კომპანიები იყო რომეო მიქაუტაძის და აღქმა ჰქონდა იმისა, რომ რომეო მიქაუტაძეს აშკარა ინტერესი ჰქონდა ამ კომპანიების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით. ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.