ComCom-მა ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილეებს მედიაწიგნიერების პროექტები გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები წარადგინა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში და მასთან ბრძოლის მეთოდები” – აღნიშნულ თემაზე კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ მოხსენება გააკეთა და დეზინფორმაციის გავრცელების გზებისა და მეთოდების შესახებ ისაუბრა.

“კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

შეხვედრის ფარგლებში, ანი გვეტაძემ აუდიტორიას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები გააცნო, რომლის სამიზნე ჯგუფი სწორედ ახალგაზრდები არიან. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან ჩართული, მათ შორის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!”, „მედიის გასაღები”, „მედიის ეკონომიკა”, „Happy Onlife”. ანი გვეტაძემ ფორუმის მონაწილეებს ასევე კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა, მედიაწიგნიერების ჰაბი Mediatsigniereba.ge გააცნო, რომელიც მოზარდებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ერთიან სივრცეში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ 100-ზე მეტ რესურსს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმის – GeoIGF 2022-ის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს (ISOC Georgia) მასპინძლობით და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინსტიტუციური მხარდაჭერით ტარდება, რომელსაც კოორდინაციას მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) უწევს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები