„ხატვისას ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, რაც ემოციას (მუზას) მიმძაფრებს“ – მუდმივად სიახლეების მძებნელი მხატვარი, აგურის ფერში მოელვარე უშბა და „განთიადის ტრფობა“

დაიბად ხაშურში. სკოლის დასრულების შემდეგ კოლეჯ სპექტრში სწავლობდ ხის მხატრულ დამუშავებას, ასევე საპატრიარქოს კოშკში  ხატწერას.
2013 წლიდან მუშაობს საღებავებით. ამბობს, რომ მუდმივად სიახლეს ეძიებს, ძალიან მოსწონს და სასიამოვნოა ეს პროცესი. მონაწილეობდა საქველმოქმედო და ჯგუფურ გამოფენებში.
ფერწერა ჩემში უფრო დიდ ინტერესებს აღვივებდა, ამიტომ მხატვრობაში ჩემით გავიკვალე გზა და თვითნასწავლი მხატვარი გავხდი. – გიორგი ღამბარაშვილის პერსონა.

– მხატვრობა ბავშობიდან მიტაცებდა, დედა იხსენებს, რომ გამუდმებით სახატავად ფანქრებს ვთხოვდი და დაორთქლილ მინაზეც ხშირად ვხატავდი თითებით.
ბავშვობიდან არ შემიწყვეტია ხატვა. ჩემი ძირითადი პროფესიაც მხატვრობაა.
2013 წლიდან აქტიურად დავიწყე ხატვა საღებავებით. ძირითადად, ვმუშაობ სახლში და ხანდახან – ღია ცის ქვეშ, პლენერზე.
შთაგონება…
– შთაგონება მხატვრისთვის აუცილებელია. ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ბუნებასთან კონტაქტი, ნებისმიერი ძველებური ნივთი და სამყაროს ჩემებური აღქმა.
– თქვენეული საავტორო ტექნიკა?
– ჯერ კიდევ ძიებაში ვარ… ხელოვნება ამოუწურავია და მუდმივი სწავლა. საავტორო სტილი ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ნამდვილად სიახლეა, რადგან  თითოეული მონასმი და ნიუანსი განსხვავებულია და ხშირად აღნიშნავენ.
– ულამაზესი პეიზაჟები, თბილისის ხედები, კოშკები… ფერს, თითოეულ ფერწერულ მონასმს, დიდ დატვირთვას ანიჭებთ. შეიძლება ითქვას, რომ პოეტური ფერწერაა… ყველა ნახატი სუნთქავს…
– გამოვარჩევდი პლენერზე შესრულებულ ნამუშევრებს, რადგან ბუნებასთან პირდაპირი კავშირი ძალიან საინტერესო და უტყუარია, ბევრს სწავლობ მხატვრობაში, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია.
– როგორ დაიხატა ვაჟა-ფშაველას პორტრეტი?
– ვაჟს შემოქმედება პიროვნულად ჩემთან ყველაზე ახლოს არის. მისმა შემოქმედებამ შთამაგონა მისი პორტრეტის შექმნა, რადგან ვაჟას ტიპაჟი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
– საინტერესოა საქართველოს რუკის თქვენეული ინტერპრეტაცია… ასევე – თქვენი თვალით დანახული სვანეთის ბუნება…
– ამ ნამუშევრის მიზანი იყო ქართულ თემატიკაზე განსხვავებული ნახატის შექმნა, რაშიც ძალიან დამეხმარა პატრიოტიზმი.
რაც შეეხება სვანეთს, რამდენიმე წლის წინ მეგობართან ერთად მოვინახულე საქართველოს სხვადასხვა მხარე, ერთ-ერთი იყო დაუვიწყარი სვანეთი,  რომლის ემოციები დღემდე არ გამნელებია. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იქაურმა ბუნებამ, მთებმა  და კოშკებმა.
ერთ დილას, ალიონზე, ვნახე აგურის ფერში მოელვარე უშბა, რომელსაც მზის სხივები დაჰკრავდა და თითქოს ამომავალი მზე ეფერებოდა. სამწუხაროდ,  იმ წუთს არ მქონდა სამხატვრო ინვენტარი, რომ ეს სილამაზე ამესახა, მაგრამ შთაგონება ისეთი დიდი და ემოციური იყო, არ შემეძლო,  ტილოზე არ გადმომეტანა.
თბილისში დაბრუნებისთანავე, რამდენიმე დღის შემდეგ, შევქმენი ტილო, რომელსაც ვუწოდე – „განთიადის ტრფობა“. შევეცადე, მაქსიმალურად ამესახა ის საოცარი  სიუჟეტი, რაც ჩემმა თვალებმა იქ ნახა.
–  ჰობი…
– მეგობრებთან ერთად ბუნებაში პლენერზე გასვლა ჩემი ყველაზე დიდი ჰობია, რადგან ესეც მხატვრობას  უკავშირდება.
მუსიკა – უამისოდ ხატვა წარმოუდგენელია. ხატვისას ვუსმენ კლასიკურ მუსიკას,  რაც ძალიან მამშვიდებს და ემოციებს  (მუზას)  მიმძაფრებს.
–  გამოფენები…
– ვარ მხატვართა ლიგის წევრი და საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მქონდა რამდენიმე ჯგუფური გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში და ნათელა  იანქოშვილის სახლ-მუზეუმში. პლენერზე გასვლა ახალციხეში სომხეთის დელეგაციასთან ერთად, სადაც გადმომეცა სერტიფიკატები და კატალოგები.
–  სამომავლო გეგმები…
– ვაპირებ საქართველოს მხატვართა კავშირში გაწევრიანებას და პერსონალური გამოფენის მოწყობას, ასევე – საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში, ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები