შალვა პაპუაშვილი: იმედია, საქართველოს დაუბრუნდებით იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი მეგობარი ქვეყანა და იქნებით საქართველოს გულშემატკივარი უკრაინიდან, ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას

„იმედია, ეს დღეები თქვენთვის იყო სასიხარულო. საინტერესო ისტორიული საკითხებიც გაიგეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გაიცანით საქართველოს კულტურის ნაწილს, თქვენს თანატოლებთან გქონდათ ურთიერთობის შესაძლებლობა. ასე ყალიბდება მეგობრობა. იმედია, რომ თქვენ საქართველოს დაუბრუნდებით იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი მეგობარი ქვეყანა და მუდამ იქნებით საქართველოს გულშემატკივარი უკრაინიდან. მეგობრობის ნიშანია, როდესაც თქვენ საქართველო შეარჩიეთ იმ ქვეყნად, სადაც გინდათ, რომ თქვენმა ბავშვებმა მიიღონ ის ბავშვური ხალისი, რომელიც ახლა მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელი ბავშვისთვის. ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების საქართველოში ყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, როგორც საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტის, არამედ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცესპიკერს არჩილ თალაკვაძეს, უკრაინის რადას დეპუტატ ლიუდმილა მარჩენკოს და საქართველოს მთავრობას, ბავშვების ჩამოყვანის და მათი საქართველოში ყოფნის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმაში, რომ ამ უკრაინელმა ბავშვებმა შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა და ბედნიერი დღეების გატარება, ყველაზე დიდი წვლილი თავად ბატონ არჩილს მიუძღვის, რომელმაც არა მხოლოდ თვითონ იდეის აქტუალიზება მოახდინა, არამედ, ორგანიზაციულად ჩართული იყო და ამ ჯგუფს არ მოსცილებია, მათთან ერთად გაატარა ეს დღეები და დღესაც, მათი წინამძღოლი არის პარლამენტის შენობაში. ამიტომ, მინდა, მას და ქალბატონ მარჩენკოს მადლობა გადავუხადო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფებზე, ეს ხშირ შემთხვევაში არის საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება უკრაინის და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფს – ეს არის არა მხოლოდ საპარლამენტო დიპლომატია და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, არამედ, ეს არის ადამიანური მეგობრობის ჯგუფი და ვფიქრობ, რომ ეს მეგობრობა მათ შორის, ადამიანური და პიროვნული ამას ადასტურებს. მინდა ორივეს მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ ეს მშვენიერი ბავშვები დღეს ჩვენ გვეწვივნენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტუმრებს პარლამენტის ასევე მიმართეს ვიცესპიკერებმა – არჩილ თალაკვაძემ და ლევან იოსელიანმა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. უკრაინელი სტუმრებისთვის მოეწყო ტური პარლამენტში. ეს უკრაინელი ბავშვების მეორე ჯგუფია, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები