შალვა პაპუაშვილი: “ქართული ოცნება“ ერთადერთი ფრაქციაა, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს

“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც პარლამენტი ომბუდსმენს ვერ აირჩევს. ამიტომ, განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია მმართველი გუნდის პოზიცია იქიდან გამომდინარეც, რომ არის საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, აქვს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნდობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალეა.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ აქამდე რა პროცესიც მიდიოდა, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, არავის არცერთი კითხვის ნიშანი არ გასჩენია, მე პირადად, არ მსმენია კითხვები პროცესის გამჭვირვალობაზე, ობიექტურობაზე, თანასწორ წვდომაზე, კანდიდატები იქნებოდნენ, თუ სხვადასხვა აქტორი, რომლებსაც სურდათ, კითხვა დაესვათ და გამოეკითხათ კანდიდატები. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. გვყავს კანდიდატები, რომლებსაც მთელმა საქართველომ მოუსმინა. ახლა მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური შეთანხმება, რათა მიღწეულ იქნეს შესაბამისი უმრავლესობა. ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ამ საკითხს მივუდგეთ სერიოზულად. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თავად არ ასახელებს კანდიდატებს, მნიშვნელოვანია, იყოს თანაბრად მისაღები კანდიდატი საბოლოოდ.

მართალია, ცალკე ვერცერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ აირჩევს პარლამენტი ომბუდსმენს. ამიტომ განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია „ქართული ოცნების“ პოზიცია იქიდან გამომდინარეც, რომ არის საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, აქვს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნდობა. ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ უნდა იყოს თანაბრად მისაღები, არ უნდა ვიფიქროთ რადიკალური პოლუსებიდან, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, როდესაც თითქოს, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი და „ქართული ოცნება“ აიძულოს, ამ კანდიდატს დაეთანხმოს. კიდევ ერთხელ, თანხმობისკენ უნდა გადადგას ყველამ ნაბიჯი, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად, თანაბრად მისაღები ყველასთვის. აქედან თუ ამოვა ყველა, ძალიან ადვილი იქნება შეთანხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები