გიორგი მუმლაძე: ნიკა მელიამ, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა

მისი გუნდი ვერ შეიქმნა, მან, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა, მისი მიყვანილი ხალხი დაიფანტა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „არასწორი ხალხი“ მიიყვანა.

„ხალხის მიერ არჩეული კი არ იყვნენ, ვიღაცაზე გაიგო, რომ ეს კარგი ტიპია, ესეც კარგი ტიპია და ასე მოაგროვა და დასვა იქ, მაგრამ მე მივიყვან ხალხს, რომელსაც აქვს გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის და ხალხის არჩეულებიც არიან. მთავარი რასაც ვთავაზობ არის ის, რომ ცვლილებები იქნება.

მარტივ რაღაცას გეტყვით, პარტია რეიტინგით არის მეორე ადგილზე, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის მოწონების რეიტინგი არის მე-15 და მას უსწრებენ 1%-იანი პარტიების თავმჯდომარეები და ლიდერები. ეს არის ნონსენსი, ლიდერის თვისებები, ბრძოლისუნარიანობა და მოქმედებები პარტიის რეიტინგს უნდა წაადგეს და გაქაჩოს და არა პირიქით, რომ პარტია მიათრევდეს ლიდერს რეიტინგში.

ადამიანი, რომელიც ყველა არჩევნებს აგებს და მერე იძახის წამართვეს არჩევნები, მომპარესო და ამ არჩევნების დასაცავად არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ განცხადებები გააკეთოს, ეს ადამიანი არის არასანდო და ხაზს ვუსვამ, ნიკა მელია ამ ქმედებებით არის მისაღები და კარგი თავმჯდომარე „ქართული ოცნებისთვის“, რადგან არ უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები