თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების ჩამონათვალს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაემატება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონპროექტს, მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ისაუბრა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჩართულობას მიესალმა.

„ცვლილებების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უსაფრთხოების საბჭოს წევრი გახდება. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და ინსტიტუტების დაცვას ახორციელებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობა, განსაკუთრებით მომატებული საფრთხეების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მონაწილე იქნება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თეონა აქუბარდიას გარდა, სხდომაზე დამსწრე უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები