სამიტი პუტინის გარეშე – ინდონეზიაში დღეს ერთმანეთს ბაიდენი და სი ძინპინი შეხვდებიან

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს G20-ის ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიმართება.

ბალიში სამიტი იქნება G20-ის სახელმწიფოს მეთაურის მეჩვიდმეტე შეხვედრა, რომელშიც შედის ევროკავშირი, როგორც ქვეყნების თანამეგობრობა და 19 სახელმწიფო (არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, რუსეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, იაპონია, საუდის არაბეთი).

დღეს სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას. მათზე მოდის მთლიანი მსოფლიო პროდუქტის დაახლოებით 80%, საერთაშორისო ვაჭრობის – 77%-მდე, მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი.

ბალის სამიტის წინ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი იყო მასში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა. 10 ნოემბერს კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინი ბალიში არ ჩავა და შეხვედრაში ონლაინრეჟიმშიც კი არ მიიღებს მონაწილეობას: სამიტზე მოსკოვს წარადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც ბალიში 13 ნოემბერს ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილეებს ონლაინრეჟიმში მიმართავს. მოსალოდნელია, რომ G20-ის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება.

Reuters-ი წერს, რომ ჯგუფის ბევრ წევრს (მათ შორის, რუსეთთან დაახლოებულ ჩინეთს და ინდოეთს) მიაჩნია, რომ უკრაინის ომი აფერხებს გლობალური ეკონომიკის ზრდას, ზრდის ინფლაციას, არღვევს მიწოდების ქსელებს, აძლიერებს ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს. ამიტომ, G20-ის ერთობლივი განცხადების პროექტში ქვეყნები ემზადებიან, რომ დაგმონ “რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, ისევე, როგორც ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ან თუნდაც გამოყენების განზრახვა. მსოფლიო ლიდერები ასევე აპირებენ, მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი.

ინდონეზიაში 13 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა და დღეს მისი და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება.

როგორც თეთრმა სახლმა ინდონეზიაში ბაიდენის გამგზავრებამდე განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკებები საშუალებას მისცემს მას, „მოამზადოს საფუძველი“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, მაგრამ ის აპირებს, პირდაპირ გამოთქვას შეერთებული შტატების შიში და კრიტიკა, მათ შორის, ტაივანთან და ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის ლიდერები აპირებენ, “განიხილონ კომუნიკაციის არხების შენარჩუნებისა და გაღრმავების მცდელობები”, ასევე, კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხები.

“სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, განსაკუთრებით – ტრანსნაციონალურ გამოწვევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა.

მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი,  პოლიტოლოგი პეტრ ბაევი მიიჩნევს, რომ, ვლადიმერ პუტინის მსოფლიო იზოლაციის ფონზე, ბაიდენის და სი ძინპინის შეხვედრა კრემლის ლიდერის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმაა.

„შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება ფუნდამენტურია, მაგრამ ამ დაძაბულობის ფრთხილად მართვაა შესაძლებელი და ესკალაციის კიბეზე ყოველი ორმხრივი თუ მრავალმხრივი დაღმავალი ნაბიჯი ნიშნავს რუსეთის წარუმატებლობას, რომელიც ჩარჩენილია სიმშვიდის დამრღვევ პოზიციაში”, – თქვა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები