ამ პარტიაში, ე.წ. ვირთხების რბოლაა დაწყებული, დაპირისპირებაა პირველობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
მისი თქმით, აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიას ელექტორალურ სექტორში პულსი აღარ გაესინჯება.
„დიდი არეულობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან პარტია მორჩა იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც მაღალ ზღვარზე ერთ დროს არსებობდა, თუმცა დესტრუქციული შიგთავსით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, წარმოუდგენელია, ამ დესტრუქციულ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს დიდხანს გაეძლო. ის ცდილობდა პოლარიზებას საზოგადოებაში, თუმცა ბუმერანგივით საკუთარ თავზე მიიღო. დღეს კლანური დაპირისპირებაა შიგნით. ხაბეიშვილისა და ოლიგარქ კეზერაშვილის სურვილები იკვეთება, თითქოს ერთი ფრონტით იბრძოლონ. მელიას და კეზერაშვილის შეუთავსებლობაზეც არის საუბარი. გაურკვეველია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთოდ სურთ თუ არა, რომ სააკაშვილი ლიდერად ჰყავდეთ. ისიც გაუგებარია, თვითონ სააკაშვილს, რა პოზიცია აქვს პარტიის მიმართ, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო, მაგრამ გასაგებია ერთი, რაც ძალიან კარგად, ნათლად არის გამოკვეთილი – ამ პარტიაში, ე.წ. ვირთხების რბოლაა დაწყებული, დაპირისპირებაა პირველობისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რაც მეტს ცდილობს პარტია პოლიტიკური ჭაობიდან ამოსვლას, მით მეტად იძირება და ეს ყველაფერი უფრო კარგად გამოჩნდება, რაც მივუახლოვდებით 2024 წლის არჩევნებს.
„გამოჩნდება, რომ რეალურად, ელექტორალურ სექტორში ფაქტობრივად პარტიას პულსი აღარ გაესინჯება. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი არის საკუთარ სამშობლოსადმი მტრული დამოკიდებულება, რომელიც მათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.