აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით და მან საპროგნოზო მაჩვენებლის 107.8 პროცენტი, სახელმწიფო ბიუჯეტმა კი საპროგნოზო მაჩვენებლის 107% შეადგინა.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს შესრულების მაჩვენებელი იყო საწინდარი იმისა, რომ პარლამენტის მხარდაჭერით, ცვლილებები შევიტანეთ 2022 წლის ბიუჯეტში და გაიზარდა როგორც საგადასახადო შემოსავლების, ასევე სხვა მიმართულებებით დაგეგმილი გეგმიური მაჩვენებლები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, მან დაგეგმილის 97,1% შეადგინა. ვინაიდან ჯამური მაჩვენებელი არის მაღალი, შესაბამისად ყველა სამინისტროს, ყველა უწყებას ბიუჯეტის ათვისება 90 პროცენტზე მეტი აქვს, მათ შორის, პროგრამების დონეზეც.
„გიორგი კაკაურიძემ სხდომის მონაწილეებს ძირითადად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით განსახორციელებელი ძირითადი პროგრამების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი თქმით, ამ სფეროში ჯამური ათვისება იყო 92,4 პროცენტი.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ბიუჯეტის შესრულების თაობაზე განმარტებები ასევე გააკეთეს და კომიტეტების წევრების კითხვებს უპასუხეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო“, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.