გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამედიცინო ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების თაობაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სამედიცინო ნარჩენების მართვისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების თაობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის, მისი აღსრულებისა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, იმავე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალვერდ ჩანქსელიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის განცხადებით, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებიან როგორც სამედიცინო ნარჩენების შემგროვებელი, ისე წარმომქმნელი და მმართველი კომპანიები.

„პრობლემები ამ საკითხებთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არც თუ ისე მცირეა, ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ არსებული პრობლემები მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი და ეს გამოწვევები დაიძლიოს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამედიცინო ნარჩენების მართვის და არსებული გამოწვევების თაობაზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, სადაც ყველა მხარე არსებულ პრობლემებთან ერთად, ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები