შალვა პაპუაშვილი – “დეოლიგარქიზაციის” კანონზე: აღებულია პროექტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და პროგრესული
აღებულია პროექტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და პროგრესული. თავად ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ უკრაინას სწორედ იმისკენ მოუწოდეს, რომ ეს კანონი სათანადოდ იყოს აღსრულებული უკრაინაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.
„სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, ჯამურად, ყველაზე ნეიტრალური გზა აირჩია. კერძოდ, აიღო კანონპროექტი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ მასზე და მის შინაარსზე რომელიმე ქართული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გავლენაა.
აღებულია პროექტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და პროგრესული. თავად ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ უკრაინას სწორედ იმისკენ მოუწოდეს, რომ ეს კანონი სათანადოდ იყოს აღსრულებული უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ამ გამოცდილებას და, ჯერჯერობით, ეს არის ერთადერთი გამოცდილება მსოფლიოში, რომელიც არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
როგორც ხედავთ, ოპოზიციას თავად კრიტერიუმების მიმართ რაიმე დიდი კრიტიკა არ აქვს. ოთხ კრიტერიუმს, რომელიც არის ჩადებული და შემუშავებულია ქართული რაღაც გავლენების გარეშე, ეჭვქვეშ არავინ აყენებს. არის ობიექტური კრიტერიუმები. მეორე მოსმენისას კანონპროექტის დეტალური განხილვის საშუალება იქნება. შესაბამისად, ვნახავთ, რა არგუმენტებია, მათ შორის, ამ კანონპროექტის კრიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.