მამუკა მდინარაძე: თბილისში სამხრეთ კორეის საელჩოს გახსნა იგეგმება
შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან კონკრეტული შედეგებით გაჯერებული შეხვედრა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ჰიუნდონგ ჩოსთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა.
მდინარაძის თქმით, კონკრეტულ შედეგებს შორის ერთ-ერთი არის ის, რომ თბილისში სამხრეთ კორეის საელჩოს გახსნა იგეგმება.
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან კონკრეტული შედეგებით გაჯერებული შეხვედრა. მათი მხრიდან მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია. შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაიწყება მოლაპარაკებები, რეზოლუციებზე მხარდაჭერა იქნება, რაზეც ამდენ ხანს თავს იკავებდნენ. თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო არ იყო, აქამდე მხოლოდ წარმომადგენლობა იყო და საელჩოს გახსნაც იგეგმება. ტექნოლოგიებში იქნება მეტი მხარდაჭერა, გაძლიერდება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა და ა.შ. ეს ის კონკრეტული შედეგებია, რაც ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ეს ამბები ძალიან მალე პოზიტიურად ჩაივლის და ეს შედეგი ძალიან გვახარებს, რადგან დაახლოებით ერთსაათიან შეხვედრაში ამდენი პოზიტიური ამბავი მარტივად მოსალოდნელი არ იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.