დავით სონღულაშვილი: უნდა შენარჩუნდეს პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკის ყველა მიმართულებით გვაქვს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ – დავით სონღულაშვილმა ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბიზნესის დაფინანსებას და ფინანსებთან წვდომის საკითხებს ეხებოდა.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით სონღულაშვილის გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და იმ გამოწვევებს მოიცავდა, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც პარლამენტში, ასევე, მთავრობაში.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა აქტიურმა რეფორმებმა და იმ ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით კოორდინირებულად ვახორციელებთ, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახადა მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიმარტივით, რასაც საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს.
პოზიტიური ტენდენციები, რომელიც გვაქვს ეკონომიკის ყველა მიმართულებით: საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და შრომის ბაზრის მიმართულებით, უნდა შენარჩუნდეს, რათა მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გამოწვევებზე მივიღოთ სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. კომიტეტის საქმიანობის მანდატში მოქცეულია ეკონომიკური ზრდისთვის გასატარებელი რეფორმების თითქმის ყველა მთავარი კომპონენტი. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საკანონმდებლო დონეზე მუდმივად ხელი შევუწყოთ ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და DCFTA-ით განსაზღვრული პროცესების ჰარმონიზებას და იმპლემენტაციას, აქტიურ ფაზაშია,” – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი უკვე გაიხსნა. „მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების პირველი ეტაპის წარმატებით შესრულებაა საჯარო შესყიდვების სფეროში. აღნიშნული, საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს სხვა დანარჩენ მიმწოდებლებს.
ამასთან, საჯარო შესყიდვების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია ახალი კანონპროექტი. მოცემული რეფორმის შედეგად იცვლება შესყიდვებთან დაკავშირებული, როგორც ნორმატიული, ასევე, ტექნიკური მხარე, რაც მაქსიმალურად გააჯანსაღებს პროცესს, შესაბამისობაში მოიყვანს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან და შექმნის საჯარო შესყიდვების უფრო ეფექტურ ეკოსისტემას. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ასეთი პლატფორმა შესაძლებლობას ქმნის, ხელი შეუწყოს დიალოგს – ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებს შორის, რაც განსაკუთრებულ წინაპირობას ქმნის ინვესტიციების მოზიდვისთვის და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში სწრაფი ინტეგრაციისთვის,” – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კონფერენცია, რომელიც EU-ს მხარდაჭერით გაიმართა, ევროპის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ – ჯონ ბრეკეველდტმა გახსნა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ EBRD-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი – კატარინა ბჟორლენ ჰანსენ, EIB-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – მაციეჟ ცზურა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის დირექტორი – სებასტიან მოლინესი.
კონფერენციის მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ევროკავშირის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და დაემყარებინათ ბიზნესკონტაქტები სამომავლო პროექტებისთვის.