ISW: ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რუსეთის არმია უკან იხევს და უკრაინა მიზნებს აღწევს

რუსეთის არმიამ ხერსონის რეგიონის დატოვება დაიწყო, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე “წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გაერთიანებების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება შეძლოს”.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

”ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარები ახალ ფაზაში შევიდნენ: ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი ჯარების უკან დახევას მდინარის გასწვრივ, ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებითა და უკრაინელების შეკავებით, თუმცა, არ ცდილობენ უკრაინული შეტევის მთლიანად შეჩერებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ISW-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, მოახერხა ხერსონში თავისი კამპანიის მთავარი მიზნის შესრულება: რუსული ჯარების იზოლირებით, აიძულა ისინი – დამოუკიდებლად უკან დაეხიათ დნეპრის მეორე მხარეს, ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის გარეშე, რასაც გაცილებით დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა.

მოხსენების ავტორების თქმით, რუსების უკან დახევა „ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს უკრაინელების ხაფანგში მოქცევის მცდელობა, რათა ხერსონის მახლობლად სასტიკი ბრძოლა გამართონ, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვება”.

ISW-მ ადრე ამახვილებდა ყურადღებას იმ მრავალ მტკიცებულებაზე, რომ რუსული ჯარები მართლაც სისტემატიურად ტოვებენ დნეპრის დასავლეთ სანაპიროს და ასეთი ქმედებების მიზანი არ შეიძლება, ჩაითვალოს უკრაინელი სამხედროების მოტყუებად და ხაფანგში მოქცევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები