გერმანიაში, შაბათ-კვირას, წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიღუპა
შაბათ-კვირას, გერმანიაში ანომალიური სიცხის დროს წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებზე ცურვისას, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა,- ეს მონაცემები გერმანიის წყლის სამაშველო საზოგადოებამ (DLRG) გაავრცელა.
DLRG-ის წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები, ძირითადად, მამაკაცები და ბიჭები არიან. სტატისტიკაში შეტანილია ის პირებიც, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, თუმცა მათი ვინაობა უკვე დადგენილია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო წყალსაცავებზე, ტბებსა და მდინარეებზე ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც უბედური შემთხვევების მატება განაპირობა.
28 ივნისს, გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (DWD) ტემპერატურის კიდევ ერთი რეკორდი დააფიქსირა: ბრანდენბურგის შტატის ქალაქ კოშენში, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე, ტემპერატურამ 41,7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.