ნატოს მორიგი სამიტი რუსეთის და ბელარუსის საზღვრების სიახლოვეს ჩატარდება

​ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.

სტოლტენბერგის განცხადება ნატოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსის შეხვედრა ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის იქნება შესაძლებლობა, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, განიხილონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ნატოში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას ტრანსატლანტიკური კავშირი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის კვლავაც არსებითია.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას სამიტის მასპინძლობისთვის.

ცნობისთვის, ლიეტუვა კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება, ხოლო ვილნიუსი ბელარუსის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები