შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცემინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცემინისტრს – უუმი იოშიკავას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ამ კონტექსტში ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები