მეფე ერეკლეს შესახებ გამოფენა, ეროვნული გალერეის შემდეგ, თელავში გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, „ერეკლეობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გაიხსნა დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა – „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“.
მუზეუმშივე მოეწყო გამოფენისადმი მიძღვნილი 200-გვერდიანი ორენოვანი ფერადი კატალოგ-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.
ალბომში „მეფე ერეკლე“ პირველად დაიბეჭდა არაერთი ექსპონატისა და არტეფაქტის ფოტო.
დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 7 ნოემბრიდან 6 თებერვლამდე შეეძლება.
გამოფენის კურატორები არიან ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ექსპოზიცია, რომელსაც მანამდე თბილისის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა, აერთიანებს ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველ უნიკალურ მასალას, საოჯახო ნივთებს, რომელთა შორისაა: მეფე ერეკლეს ბავშვობის დროინდელი სათამაშო, თოფები (მათ შორის – თოფი მუსაიფი), ხმლები, ერეკლე მეფის პორტრეტი, მეფის ოჯახის წევრთა ნაქარგობები, წიგნები და სხვა.
მუზეუმის ტერიტორიაზე „ერეკლეობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები. სტუმრებმა არაერთი საინტერესო ნომერი იხილეს.
სახალხო დღესასწაულის მიმდინარეობისას ერეკლე მეფის სასახლის აივანზე გამოიფინა სასახლის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომასალა. მუზეუმის დერეფანში მოეწყო ნინო ბონდარენკო-მრელაშვილის გამოფენა – „გადაშლილი წიგნი“.
„ერეკლეობა“ ანუ თელავქალაქობა ყოველწლიურად აღინიშნება და ამ დღესასწაულს ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავს, როგორც კახეთის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე – მთელი საქართველოდან.
„ერეკლეობასთან“ დაკავშირებით თელავის მუზეუმმა გამოსცა ფაზლები მეფე ერეკლეს გამოსახულებით, კალენდარი და სასაჩუქრე ჩანთები“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.