ირაკლი მეძმარიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, საპილოტე პროგრამის დაწყების საკითხი განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტსა და ფონდის წარმომადგენლობას შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება.
„საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საყოველთაო სამედიცინო შემოწმება მოხდება. პროგრამის განხორციელებაში სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება და ფონდთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კონკრეტულ აქტივობებს განვახორციელებთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება თუ რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს ამ კუთხით და შესაძლოა, სამომავლოდ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც აისახოს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე დაესწრო.