ხათუნა სამნიძე: სამი პარტიის გაერთიანებას სწორად რომ ვთვლიდე, მეც ჩემს კოლეგებთან ვიქნებოდი, მათი გზავნილები მისაღები არ არის
ამ ეტაპზე, სწორად რომ ვთვლიდე სამი პარტიის გაერთიანებას, მეც ჩემს კოლეგებთან ვიქნებოდი, ამ ტიპის გაერთიანებას არ ვეთანხმები, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამი პარტიის გზავნილები მისთვის არ არის მისაღები.
„ვფიქრობ, პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა მეტი ინფორმაცია და ანალიტიკა უნდა მოგვაწოდონ ქვეყანაში ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესებზე. მე წარმოვადგენ პარტიას და რომ ვთვლიდე, ეს გაერთიანება ამ ეტაპზე არის სწორი, მეც ჩემს კოლეგებთან ვიქნებოდი. არ ვეთანხმები ამ ტიპის გაერთიანებას, რადგან მათი გზავნილები არ არის მისაღები. მათი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა საპარლამენტო მუშაობას, არანაირ თანამშრომლობას არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებასთან 12 პუნქტის თაობაზე, აზრი არ აქვს, მაინც არ გვაძლევენ სტატუსს – მე ამ გზავნილებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რაც არ უნდა სკეპტიციზმი არსებობდეს და რაც არ უნდა მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც არ სურს სინამდვილეში ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჩართული, რათა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ სინამდვილეში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.