რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობა ყარაბაღშიც და შემდეგ სოჭში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან, ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა და საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირება იყო – აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც აჩვენა, რომ უკრაინასთან ომშია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ დარჩა ბერკეტი, რომლითაც შეუძლია, როგორც მინიმუმ, პროცესები გადაალაგოს, ანუ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილმა კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„დღეს კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეპოქალურ, საუკუნის პროექტებზე ვსაუბრობთ. მივყვეთ იმის ქრონოლოგიას, თუ რა პროცესები ხდებოდა ბოლო დროს რეგიონში. გლობალური პოლიტიკური პროცესები რომ რეგიონსა და, პირველ ყოვლისა, საქართველოზე აისახება, ეს ჩვენთვის 1988 წლიდან კარგადაა ცნობილი, უფრო შორის რომ არ წავიდეთ. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენს პრემიერს შეხვდა. ეპოქალური მნიშვნელობის პროექტის შესახებ გაჟღერდა. საუბარია იმაზე, რომ ენერგომატარებლები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით გაივლის. ეს პროექტი ელექტროენერგიის გატანით იწყება და, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ ნავთობის და გაზის, ასევე, ტვირთების გატანა მოჰყვება.
ამ პროცესს ეკონომიკურად, მორალურად, ისტორიულად რა მნიშვნელობა აქვს, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. გვინდა, მიმდინარე პროცესების თანმდევი უკუეფექტი პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ. საქართველოს პრემიერი, მთავრობა ამ პროექტს დათანხმდა და როგორც ჩანს, პირობებზეც შეთანხმდნენ. ყარაბაღის დედაქალაქში მრავალათასიანი მიტინგი მოეწყო, სადაც მოსახლეობა რუსეთის და სომხეთის დროშებით გამოვიდა, ყარაბაღში რუსეთის ჯარის შეყვანა და მისი დაკანონება მოითხოვა. რუსეთის ჯარი იქ რაღაც ნაწილში არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა თავი მშვიდად იგრძნონ. ამას, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის უკურეაქცია მოჰყვა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს სოჭში შეხვედრა შესთავაზა. სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტი 5- პუნქტიანი ხელშეკრულების პროექტით ჩავიდა, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოლოო ხელმოწერა იგეგმებოდა. შეხვედრა შედგა, მაგრამ არცერთ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა, მეტიც – ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჩვენ ეს მაშინ შევაფასეთ, როგორც გლობალური პროცესების თანმდევი, მაღალი დონის ვაჭრობა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერი არც თუ ისე კარგი პასუხებით გამოისტუმრა, მას ОДКБ -ს შეკრებაზეც უთხრეს, რომ სჯობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ურთიერთობა პირდაპირ დაალაგოს. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერი ჩვენს პრემიერს ელაპარაკა. ეს ყველაფერი რას ნიშნავს: სომხეთის პრემიერი მიხვდა, რომ არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი, არც რუსეთი, არც თურქეთი ყარაბაღში კონფლიქტის განახლებაზე თანახმა არ არიან და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებენ. სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ნათელი გახდა ასევე ის, რომ დასავლეთმა დაუშვა, ყარაბაღი 1990 წლის, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ფარგლებში დაბრუნებულიყო, მაგრამ შემდეგ დასავლეთმავე ზანგეზურის უმნიშვნელოვანესი დერეფანი სომხეთის შემადგენლობასა და გავლენების ქვეშ დატოვა. ესაა მოცემულობა, რომელიც კავკასიას მშვიდობასა და სტაბილურობას უქადის. ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი როლი საქართველოს უჭირავს.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არაა იმით, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ასევე, იმით, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გავლენა უფრო იზრდება, თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები კავკასიელებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ბევრად უფრო ეფექტიანი, დამაჯერებელი და მისაღებია, ვიდრე რუსეთის გადაწყვეტილებები. მაგრამ, რუსეთი ვერ ჩაერია ამ კონფლიქტში, ყარაბაღი თურქეთის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური დახმარების სანაცვლოდ დათმო. თურქეთი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას როგორც ოფიციალურად, ისე – არაოფიციალურად, კულისების მიღმა საერთაშორისო საზოგადოებასთან აკავშირებს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობა ყარაბაღშიც და შემდეგ სოჭში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან, ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა და საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირება იყო – მან აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც აჩვენა, რომ უკრაინასთან ომშია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ დარჩა ბერკეტი, რომლითაც შეუძლია, როგორც მინიმუმ, პროცესები გადაალაგოს, ანუ ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალოს. ვერ გააჩერებს, მაგრამ, ბიზნესი მშიშარაა და თუ ყარაბაღში ისევ ცეცხლი დაინთება, ბევრი ბიზნესმენი ამ დიდ პროექტში ინვესტირებისგან თავს შეიკავებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, ხორბლის თემაც ვაჭრობის საგანი იყო. როგორც კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინის ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრას ხელს შეუწყობს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მალევე გააკეთა განცხადება, რომ ის ხელშეკრულებიდან არ გასულა. ესეც პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. რუსეთი თავისი ყოფილი გავლენების სფეროებში წილებს ითხოვს. ვფიქრობთ, იმას ვერ მიიღებს, რასაც ითხოვს, მაგრამ, რაღაც დონეზე ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილდება, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ომი გადამწყვეტ ფაზაში არ გადავა. ჩვენი აზრით, ომი გადამწყვეტ ფაზაში 2023 წელს გადავა. 2023 წლის გაზაფხულზე რუსეთს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს: ან ბალისტიკური რაკეტა უნდა გამოიყენოს, ან უკრაინაში პოზიციები დათმოს და მოლაპარაკებებზე აქტიურად გადავიდეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მას ეს აღარ გამოუვა და რუსეთში ძალაუფლებას სამხედროები ჩაიგდებენ ხელში. ამისთვის 4 გენერალი უკვე მზადაა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე საქართველო საერთაშორისო მასშტაბის გარიგებაში პირველად ხვდება, სადაც, როგორც მინიმუმ, პირველ სამეულშია.
„ძალიან კარგი პროცესი მიდის. ამ პროექტის განხორციელება შუა აზიის ქვეყნებს უნდათ და აწყობთ. ამ პროექტის განხორციელება ევროპის ქვეყნებსაც აწყობთ, ევროპელები პირდაპირ არიან დაინტერესებულები. უხეშად რომ ვთქვათ, ელექტროენერგიის კაბელი უნგრეთამდე რომ გაივლის, ამას შემდეგ სხვა, მნიშვნელოვანი მოთხოვნებიც მოჰყვება. ეს პროექტი ევროპელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის ამ წუთში გადარჩენის ერთადერთი გზაა, წლების შემდეგ კი, როცა რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება, ალტერნატიული გზა იქნება. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ჩვენ პირველად ვხვდებით საერთაშორისო მასშტაბის გარიგებაში, სადაც როგორც მინიმუმ, პირველ სამეულში ვართ. ამისთვის კანონმდებლობის დახვეწა, სერიოზული ინვესტორების მოზიდვა, შიდა პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა გვჭირდება. აღმოსავლეთიც და დასავლეთიც საქართველოსთან სასიცოცხლო ინტერესებით არიან დაკავშირებულები. მათი პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი გახდეს, საერთაშორისო სამართლის წესებით ითამაშოს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.