“ადგილი აქვს „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების კოორდინებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ” – არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ადგილი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტნიორების კოორდინებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ. ამ განცხადებით, უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ელოდება თუ არა „ქართული ოცნება“, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი კრიტიკულ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებითაც იქნება ჩანაწერი, უპასუხა.
თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული უსამართლო რეზოლუციის შემდეგ, მათთვის გასაკვირი არ იქნება, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ.
„ამ მუქარაში ახალი არაფერია, რეალურად ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პარტნიორების კოორდინირებულ მოქმედებას საზღვარგარეთ, რაც პირდაპირ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი ივანიშვილის მიმართ, ვინაიდან მან ეს ძალა 2012 წელს თავის მხარდამჭერებთან, ლობისტებთან ერთად გაისტუმრა ხელისუფლებიდან დემოკრატიული წესების დაცვით, მშვიდობიანად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველანაირად მზად იყვნენ არეულობისთვის და ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამის შემდეგ ეს ძალა ყველანაირ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ როგორმე შური იძიონ ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებაზე“. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლობისტების მუშაობის შედეგად, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და ვერც გაგვაკვირვებს, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები რაიმე განცხადებას გააკეთებენ. სიმართლე არის ჩვენს მხარეს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.