თენგიზ ფხალაძე: ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

“როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, საქმე შეეხება არა მარტო ამა თუ იმ პუნქტის თუ ვალდებულების შესრულებას, ან უარესი, შესრულების იმიტირებას, არამედ – მთლიანად იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ევროპულად, რაც ქვეყანაში მის ინკლუზიურობასა და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას ნიშნავს”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც თავისი კულტურით, ისტორიით, ღირებულებებით და გაღებული მსხვერპლით იმსახურებს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ფხალაძე ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც საუბრობს.

“ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა, შესაბამისად, შევეცდები ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ ჩანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდან. საიმედოს ვერაფერს გეტყვით, მათთვის აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის განცხადებები თუ მოქმედება მთავარ თემებზე სულაც არ არის ორიენტირებული, მეტიც, ამ უმნიშვნელოვანეს თემებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური, უფრო მეტიც, პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ. სამწუხაროდ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი თუ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს გამჭვირვალობაზე, ჩართულობაზე, პარტიული კარნახისგან თავისუფალ გადაწყვეტილებებზე… კიდევ ბევრი საკითხია, რომლებიც ბუნდოვანი და გაუგებარია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ყველაზე მთავარი და უარყოფითი ის არის, რომ ვჩანვართ როგორც პოლიტიკურად უმწიფარი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს კონცენტრირებას ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ყველაზე მძიმე და შემაშფოთებელი. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, საქმე შეეხება არა მარტო ამა თუ იმ პუნქტის თუ ვალდებულების შესრულებას, ან უარესი, შესრულების იმიტირებას, არამედ მთლიანად იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ევროპულად, რაც ქვეყანაში მის ინკლუზიურობასა და ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრირებას ნიშნავს. აი, ამის დანახვა სურთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხედავენ…

ევროკავშირში ჩვენთან დაახლოების მზადყოფნა არის. მზადყოფნა იყო მაშინაც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება განიხილებოდა და ჩვენ რომ არ დაგვეშვა შეცდომები, საქართველოს დღეს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. ის, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი, ჩვენ კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ კიდევ გვაქვს სტატუსის მიღების შესაძლებლობა, როგორც კი შევასრულებთ იმას, რაც შესასრულებელია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის. ჩვენ თუ ეს მცირე დროც დავკარგეთ იმისთვის, თუ როგორ მოვიფიქროთ მიზეზები მარცხის შემთხვევაში და ვიმართლოთ თავი, გამოდის, მართლაც მარცხისთვის ვყოფილვართ განწირული. ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც თავისი კულტურით, ისტორიით, ღირებულებებით და გაღებული მსხვერპლით იმსახურებს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც, პასუხად კი უმადურობას იღებენ.

რაღა დაგიმალოთ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა ძალიან გამიხარდა. სხდომის გამართვა კარგა ხანია საჭირო იყო. სხდომის შემდგომ საჯაროდ ითქვა, რომ სასწრაფოდ გასაახლებელია კონცეპტუალური დოკუმენტები, იქნება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის და ნონსენსია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანა ამის გარეშე ცხოვრობს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუ ეს პროცესი ნამდვილად დაიძვრება და დაიწყება მუშაობა. დღეს ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, საფრთხეები მზარდია, ამიტომაც ამ დოკუმენტების შემუშავება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უპირველესი ამოცანაა”,- აცხადებს რესპონდენტი.

კითხვაზე: “სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები პრაღაში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიიწვია. აშკარაა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში…”, – ფხალაძე პასუხობს, რომ რუსეთი სუსტდება და ეს ყველაფერზე აისახება.

“უკრაინაში პოზიციების დაკარგვის კვალდაკვალ, რუსეთი სუსტდება, რაც აისახება ყველაფერზე, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფლიქტში რუსეთის ნეგატიური როლი საკმაოდ დიდია, მისი დასუსტება კრემლის გავლენის “შემსუბუქებასაც” ნიშნავს. ამის მაგალითი იყო სოჭში შეხვედრა, რომლის შემდეგაც არაფრისმთქმელი განცხადება გაავრცელეს. დღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს სულ სხვა პროცესი, რომელშიც აქტიურად ერთვება ევროკავშირი. ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის მისიის შესვლაზე. ასევე აქტიურობს აშშ-ც. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც პრაღაში მოხდა, დიდი ნაწილი უცნობი დარჩა ქართველი საზოგადოებისთვის. პრაღის შეხვედრა ნაწილი იყო იმ დიდი სამიტისა, რომელიც პირველად გაიმართა ამ ფორმით. ეს იყო ერთგვარი ძალის მოსინჯვა ახალი ტიპის ევროპული გაერთიანებისთვის, იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ევროპა. სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ევროპული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი სესიის, რომელიც უსაფრთხოებას შეეხებოდა, თანათავმჯდომარე საქართველო იყო. ჩემი შეფასებით, პრაღაში უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. ნამდვილად მიხარია, რომ მასში საქართველო არა მარტო მონაწილეობდა, არამედ თავისი როლიც ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს, მით უფრო, როდესაც ლაპარაკია აზერბაიჯან-სომხეთის საკითხის გადაწყვეტაზე. მერწმუნეთ, ეს პრობლემა თანდათან მოგვარდება რეგიონზე რუსეთის გავლენის შესუსტების კვალდაკვალ… ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მოუწევს ამ რეგიონის დატოვება და აქ გაძლიერდება დასავლური ვექტორი, ასევე ევროკავშირისა და თურქეთის გავლენა. ამ პროცესში ჩვენ არ უნდა დავრჩეთ თამაშგარედ და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ.

რაც შეეხება ომს უკრაინაში, აშკარაა, რომ უკრაინის უპირატესობა იზრდება, რასაც ოკუპანტებიც გრძნობენ. მობილიზაცია რუსეთისთვის სრული კრახი იყო. ამიტომაც გამოაცხადა პუტინმა მისი დასრულების შესახებ. მიხვდა, რომ ეს ვერ მოუტანს ვერც სამხედრო წარმატებას და ვერც ქვეყანაში პოლიტიკური სახის დივიდენდებს. რუსეთში ვითარება ძალზე მძიმეა, ძალოვან უწყებებს შორის დიდი დაპირისპირებაა. თუკი ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი, უპირველესად უნდა ვიკითხოთ, როგორი იქნება ზამთარი რუსეთისთვის, ამ ორიოდე დღის წინ საინტერესო რამ მოხდა – სელექტორულ თათბირზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შუქი ჩაუქრათ, რაც ძალიან ნიშანდობლივი რამ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაყინვითა და შიმშილით ამოხოცვით ემუქრება. პუტინს ძალზე შეუმცირდა იმ პირების რიცხვი, რომლებთანაც პირადად ურთიერთობს. უმეტესად ონლაინ უძღვება მთავრობის სხდომებსა თუ სხვა თათბირებს. როგორც ჩანს, მას ფობიები უტევენ და ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება. რაც შეეხება ევროპულ ზამთარს, როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ევროპას გაზის მარაგები, ფაქტობრივად, 100%-ით შევსებული აქვს, რაც არა მარტო ამ ზამთარს ეყოფა, არამედ მის შემდეგაც… ამასთანავე, ევროპის ენერგობაზარი გაცილებით უკეთესად არის დღეს დივერსიფიცირებული, ვიდრე ომის დაწყებისას იყო და ამაშიც აქვს საქართველოს თავისი როლი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაორმაგებაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ გამოვა.

ამის გარდა, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები შევიდა ძალაში და კიდევ ერთი პაკეტი ახალ წლამდე შევა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მისი ნავთობმრეწველობისთვის. იცით, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს მძიმე და სამხედრო მრეწველობაში, იმდენად რთული მდგომარეობა აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეტანაზე გააფორმა ხელშეკრულება. კრემლს უჩნდება პრობლემები ჩინეთთანაც, რომელიც მოკავშირედ მიაჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში სწორედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო, რაც რუსეთთან დაკავშირებით აქვს. შედეგად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. უკრაინისთვისაც ეს ზამთარი რთული იქნება და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ქვეყანაში ომია, მაგრამ პარალელურად იზრდება დასავლეთის დახმარების პაკეტები, მათ შორის აშშ-დანაც. ამ პაკეტებში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარებაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც. იმპერია ნამდვილად სუსტდება, მაგრამ დღეს რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები