“ემერჯენსი” “რესპუბლიკურში” – რას გულისხმობს და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს
იცოდით, რომ პირველი მოზრდილთა „ემერჯენსი“ საქართველოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა?! ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში გადაუდებელი მედიცინის, როგორც სპეციალობის დანერგვის.
სწორედ რესპუბლიკურის „ემერჯენსი“ იყო ადგილი, სადაც კვალიფიციური მედიკოსები ქართულ რეალობაზე მორგებული, ამერიკული, გამოცდილი გაიდლაინებით პაციენტებს პირველად, გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ.
„ემერჯენსის“ მნიშვნელობისა და დარგის განვითარების ისტორიის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, თეა თავართქილაძე გვიყვება.

„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, ახალი სპეციალობა საქართველოში დააახლოებით 2013-14 წლებში ჩამოყალიბდა, როგორც სპეციალობა. ის მედიცინის შედარებით ახალი დარგია. ამ დარგის მიზანია ურგენტული შემთხვევების, მწვავე დაავადებებისა და მდგომარეობების მართვა, რაც მოიცავს პაციენტის შეფასებას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას დროის მოკლე ვადაში და შემდგომ – პაციენტის დისპოზიციის საკითხის გადაწყვეტას. დისპოზიციაში ვგულისხმობ პაციენტის გაწერას სახლში, საოპერაციოში გადაყვანას, ჰოსპიტალიზაციას და ა.შ.
„ემერჯენსი“ არის პირველი რგოლი ჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჯაჭვის პირველი რგოლი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომელიც დაფუძნებულია მულტიდისციპლინურ მიდგომაზე. ყველაზე მთავარია, ამ დროს დროულად მოხდეს რეაგირება და დროულად მოხდეს ამოცნობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის“, – აღნიშნავს თეა თავართქილაძე.
რა დროს უნდა მივმართოთ „ემერჯენსს“ მედიკოსი განმარტავს, რომ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას სწორედ გადაუდებელი და მწვავე შემთხვევის დროს უნდა მივმართოთ.
„ჩვენ, ძირითადად, ორიენტირებულები ვართ ურგენტულ, გადაუდებელ შემთხვევებზე. პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება, მაგალითად – არტერიული ჰიპერტენზია, თუ კონკრეტულ ეტაპზე ეს დაავადება გამწვავებული არ არის და გადაუდებელი დახმარება პაციენტს არ ესაჭიროება, მაშინ ის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში არ უნდა მოხვდეს. პაციენტმა ასეთ დროს კონსულტაციისა და დახმარებისთვის უნდა მიმართოს თერაპევტს, ოჯახის ექიმს, კარდიოლოგს და ა.შ, სხვა, შესაბამისს სპეციალისტს. ხოლო თუ ეს დაავადება არის გამწვავებული და მოითხოვს გადაუდებელ ჩარევას, მაშინ პაციენტი მოდის „ემერჯენსში“. „ემერჯენსში“ პაციენტების მიღება ხდება როგორც თვითდინებით ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით.
ზოგადად, მოზრდილებს ვემსახურებით, თუმცა, როდესაც არის ფორსმაჟორული სიტუაცია და გადაუდებელი დახმარება არის საჭირო, რა თქმა უნდა, პედიატრიულ პაციენტებსაც ვუწევთ დახმარებას და შემდეგ უკვე დასტაბილურებულ პაციენტს გადავამისამართებთ პედიატრიულ კლინიკაში“, – განმარტავს მედიკოსი.
როგორც თეა თავართქილაძე აღნიშნავს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი პირველია საქართველოში, რომელიც ამერიკული მოდულის შესაბამისად გაიხსნა და პაციენტების მიღება უცხოელი სპეციალისტების მიერ გადამზადებულმა მედპერსონალმა დაიწყო. რას ნიშნავს “ამერიკული მოდული” და როგორ ჩამოყალიბდა საქართველოში გადაუდებელი დახმარების სპეციალობა, უფრო დეტალურად თავად გვესაუბრება.
„პირველი, მოზრდილთა ამერიკული მოდულის „ემერჯენსი“ საქართველოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა 2007 წლის მაისში.
რას ნიშნავს ამერიკული მოდული – სანამ ჩვენ გავიხსნებოდით, აშშ, ჯორჯიის შტატის „ემორის“ სამედიცინო სკოლიდან გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, ექიმთა მთელი გუნდი იყო ჩამოსული და მათ გადაგვამზადეს. გადამზადება მოხდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალობით. მომზადდა ემერჯენსის ექიმების გუნდი, რომლებმაც უკვე შევძელით, რომ 2007 წლის მაისის ბოლოს მიგვეღო პირველი პაციენტი. აღნიშნული გადამზადება მოხდა მათი პროგრამის შესაბამისად, იმ პროტოკოლებით და გაიდლაინებით, რითაც თავად ამერიკაში სარგებლობდნენ, ცხადია, ამ ყველაფრის ქართულ რეალობაზე მორგებით და დახვეწით. მოგეხსენებათ, ეს იყო ახალი სპეციალობა. საქართველოში არ არსებობდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალობა და არ გვქონდა არანაირი გამოცდილება, როგორ ემართა ერთ სპეციალისტს სხვადასხვა ნოზოლოგიის პაციენტი, პაციენტები პოლიტრავმით, მწვავე კორონარული სინდრომით, მუცლის ტკივილით, ნევროლოგიური ჩივილით თუ სხვა. ეს იყო ძალიან ახალი საქართველოში და ამაში დაგვეხმარნენ იმ პერიოდში ამერიკელები. დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გადამზადება.
გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი არის ექიმი, რომელიც მუშაობს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში და მან უნდა გაუწიოს კვალიფიციური დახმარება ნებისმიერი მწვავე ჩივილის მქონე პაციენტს, მისი ფუნქციაა „ემერჯენსში“ მოხვედრილი პაციენტის შეფასება, ანამნეზის შეკრება, საჭირო კვლევების და მანიპულაციების ჩატარება, პაციენტის მართვის კონკრეტული სქემის შემუშავება, მდგომარეობის სტაბილიზაცია – იქნება ეს პოლიტრავმა თუ კონკრეტული ჩივილი. კონსულტანტების მოწვევა და მათი კონსულტაციის აუცილებლობის განსაზღვრა. „ემერჯენსში“ პაციენტის დაყოვნება ხდება მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამ დროში უნდა მოხდეს პაციენტის დისპოზიცია – ან ეწერება ბინაზე ან გადადის საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტში“, – ამბობს ექიმი.
მედიკოსი დასძენს, რომ დარგის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გადაუდებელი მედიცინის, როგორც სპეციალობის განვითარება.
„ადრე არ არსებობდა სპეციალობა და არ იყო მკაცრად განსაზღვრული გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის უფლება-მოვალეობები. 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომმა „ემერჯენსის“ საჭიროება უფრო ნათლად დაგვანახა. გვაჩვენა, რომ “ემერჯენსს” შეეძლო ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში პაციენტთა დიდი ნაკადის მიღება და ეფექტურად მართვა.
2009 წელს უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა დარგი როგორც სუბსპეციალობა და შეიქმნა ექიმთა გადამზადების კურსი. ჩვენ ვიყავით სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, რომლებიც გადამზადდნენ გადაუდებელი მედიცინის დარგში და გვქონდა გადაუდებელი მედიცინის სპეციალობა, როგორც სუბსპეციალობა. შემდეგ, 2013-2014 წლებში ჩამოყალიბდა ეს დარგი სპეციალობად. უკვე არის რეზიდენტურის სრული კურსი, გვყავს ბევრი რეზიდენტი. ჩვენი კურსდამთავრებული რეზიდენტები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკაში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ.
დარგი ვითარდება, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ძალიან მოთხოვნადია ამ ეტაპზე ჩვენი პროფესია. იმიტომ, რომ ერთ სივრცეში ხდება მულტიდისციპლინური მიდგომით პაციენტის მართვა, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩვენი გუნდი არის ამ სპეციალობის ფუძემდებელი და აქტიურად ვითარდება ჩვენი დარგი.
ჩვენ ძალიან ფართოდ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რადგან უახლესი აპარატურა ჩვენი მუშაობის განუყრელი ნაწილია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს პაციენტის სტაბილიზაცია, დიაგნოზის დასმა, მკურნალობა და შემდეგ – დისპოზიცია, ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენი მუშაობა. მიხარია, რომ მსოფლიო ბანკის, სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისა და ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, რესუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მაღალტექნოლოგიური კვლევები და პროცედურების ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს“, – აღნიშნავს თავართქილაძე.
მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი მედიცინის დარგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განვითარებულია როგორც განყოფილების უფროსი აღნიშნავს, სიახლეების დანერგვაზე მუშაობა არ წყდება. მუდმივად ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება.
„ვცდილობთ რომ ყველა თანამედროვე სტანდარტს სრულად ვაკმაყოფილებდეთ. მუდმივად ვმუშაობთ სიახლეების დანერგვაზე. როგორც აღვნიშნე, გვყავს რეზიდენტები და ვამზადებთ გადაუდებელი მედიცინის მომავალ სპეციალისტებს. გვაქვს და საინფორმაციო სახის შეხვედრები, სემინარები. უწყვეტ სამედიცინო განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მუდმივად ხდება კონფერენციებზე დასწრება, სხვადასხვა ტრენინგები, საინტერესო ქეისების, რთული შემთხვევების განხილვა და იმ ახალი მიდგომების დანერგვა, რაც ამჟამად მსოფლიოშია აქტუალური ჩვენ დარგში. ძალიან დატვირთულად ვმუშაობთ, ამ ეტაპზე, ვართ ჰიბრიდის ფაზაში. ვიღებთ კოვიდპაციენტებსაც. 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს ვიღებთ პაციენტებს.
აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტმა და კოვიდის მართვაში აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რგოლი კლინიკისთვის“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.